logo
ENG



საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება, თუმცა, შეზღუდვების ნაწილი ძალაში რჩება

15 მაი 202020:01
3 წუთის საკითხავი
 
cpjfo69u6i3mt2p.jpg

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება, თუმცა, შეზღუდვების ნაწილი ძალაში რჩება. კონკრეტულად რა შეზღუდვებს ტოვებს ხელისუფლება დღეს პრემიერს არ უთქვამს. გიორგი გახარიას განცხადებით, მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ იმოქმედებს. კონკრეტიკა ხელისუფლებამ არც აქ ისურვა. ქართული ოცნება არ ამბობს, რა ნაწილში იმოქმედებს კანონი. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკანონდებლო ცვლილებებს ხელისუფლება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს და მათ შორის შესაძლოა ამ კანონით საფრთხე შეუქმნას 20 ივნისის წლისთავის აქციას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ უკვე დააანონსა.

ამ კანონზე საუბარი სავარაუდოდ გიორგი გახარიას 2 კვირაში პარლამენტშიც მოუწევს. ის ინტერპელაციის წესით ოპოზიციის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოში წარდგება. 

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმის წარდგენას ითხოვს ოპოზიცია პრემიერისგან. მათი განცხადებით, აუცილებელია უმუშევრად და უსახსროდ დარჩენილ მოქალაქეებს ღირსეული დახმარება გაეწიოთ. 

„რატომ ჰქონდა ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ავტომობილით გადაადგილების სპეციალური საშვი“ -  გახარიას პარლამენტში პასუხის გაცემა ამ კითხვაზეც მოუწევს. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ამბობენ, რომ გახარია პარლამენტში 22 აპრილსაც უნდა მისულიყო, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა.

გიორგი გახარია პარლამენტში სავარაუდოდ 29 მაისს მივა. ის დეპუტატების მიერ საგანგებო მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრემიერთან კითხვები არ აქვთ.


close დახურვა