logo
ENG



საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა 18 მაისამდე გაგრძელდეს

11 აპრ 202019:43
3 წუთის საკითხავი
 
oph019j7qi4c5rr.png

საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკრეტს ვადა 21 აპრილს ეწურება. გახანგრძლივდება თუ არა ვადა, ეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას სიტუაციის შესაბამისად მიიღებენ.

არ არის გამორიცხული, შეზღუდვები 18 მაისამდე გაგრძელდეს. პარლამენტის ბიუროს  სხდომა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაინიშნა. 

ოპოზიცია კი საფრთხეებზე საუბრობს. გაუთვლელი გადაწყვეტილება, გეგმის არარსებობა და ცალკეული ჯგუფების მიმართ შერჩევითი მიდგომა - სწორედ ამ პრობლემებზე მიანიშნებენ ხელისუფლების ოპონენტები. პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ, რომ საგანგებო მდგომარეობას „ქართული  ოცნება" საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. კარანტინის რეჟიმის გამოცხადებას ანტიკრიზიული გეგმა არ მოჰყოლია, ამ არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა კი მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დატოვა. ოპოზიცია  იმასაც ეჭვობს, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და უკონტროლოდ დარჩენილი მთავრობა ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.​ 

მოძრაობა "გირჩი" კი დეკრეტით გათვალისწინებულ რამდენიმე აკრძალვის კანონიერებას, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, იმ მოტივით, რომ „ოცნება" ადამიანის უფლებებს არღვევს.

არღვევს თუ არა ხელისუფლება ადამიანის უფლებებს? - მესამე სექტორს კვლევის შედეგები ჯერ არა, თუმცა შეკითხვები უკვე აქვთ. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებზე  მუშაობს, მათ შორის არის ბათუმის ინციდენტი, სადაც შესაძლოა სამართალდამცველების მხრიდან ძალაუფლების გადამეტება იკვეთებოდეს. მოქალაქე კომენდანტის საათის დარღვევისთვის დასაჯეს და მასზე, სავარაუდოდ, ფიზიკურადაც იძალადეს. 

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 მარტს ამოქმედდა. მოგვიანებით გამოცხადდა კარანტინის რეჟიმი და ე.წ კომენდატის საათი. შეზღუდვები ძალაში 21 აპრილამდეა.


close დახურვა