logo
ENG



საგარეო: ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებაზე რუსეთის განცხადება მიუღებელია

11 დეკ 202111:07
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი.

"NATO-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.

აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას დღესდღეობით სწორედ რუსეთი ქმედებები წარმოადგენს, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში.


close დახურვა