logo
ENG



საგარეო: თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენაზე მუშაობა გრძელდება

07 თებ 202318:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/07/rm4z9y097wl8xzg.jpg

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში 6 საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.

უწყების ცნობით, საელჩოს მიმართა ასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ, მათ შორის, განსაკუთრებით რთული იყო 20-მდე მოქალაქის შემთხვევა. აქედან, 14 მოქალაქის ადგილსამყოფელი, ამ ეტაპზე, დადგენილია.

"სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელის, მათი მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენის მიზნით, დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან.

აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზებისა და აეროპორტების დაზიანების გამო, შეფერხებულია გადაადგილება. აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, ვითარებას ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და განმეორებითი ბიძგები. შესაბამისად, მდგომარეობა სწრაფად იცვლება. იცვლება დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც.

 საელჩოს ქალაქის ნომრებზე, მოქმედ ცხელს ხაზებზე, ასევე ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების სოციალურ ქსელებზე, ორი დღის განმავლობაში შესულია საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მიმართვა. ამასთან, საელჩოს მიმართა ასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ. მათ შორის, განსაკუთრებით რთული იყო 20-მდე მოქალაქის შემთხვევა. აქედან, 14 მოქალაქის ადგილსამყოფელი, ამ ეტაპზე, დადგენილია. შედგა მათთან კომუნიკაცია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო 6 მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. ამ ეტაპზე დასტურდება საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალება. საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

თურქეთისა და სირიის საზღვარზე 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორივე ქვეყანაში სულ მცირე 4 890 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაიღუპა 3 381 ადამიანი, დაშავებულია კი 20 ათასზე მეტი. კატასტროფების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ორჰან ტატარის თქმით, დაზიანებულია სულ მცირე 11 ათასი შენობა. ადგილზე 25 ათასზე მაშველი მუშაობს. მისივე განცხადებით, სამაშველო ოპერაციებისთვის 10 გემსა და 54 საჰაერო ტრანსპორტს იყენებენ.

ამავე დროს, სირიაში ამბობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 1 509-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 3 500 მოქალაქე.

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 100-მდე ბიძგი მოჰყვა, სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა.

სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

იაპონიის განცხადებით, თურქეთში სამაშველო ჯგუფს გაგზავნის. მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.


close დახურვა