logo
ENG



საგარეო: მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

09 მაი 202212:57
3 წუთის საკითხავი
 
საგარეო: მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს.

მათი თქმით, მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს, "პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები".

"რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის ეფექტური კონტროლი და მისი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე მკაფიოდაა დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღნდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 8 მაისს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, ე.წ. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ალან გაგლოევმა გაიმარჯვა.


close დახურვა