საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ში პრემიერმინისტრი იყო მიწვეული, რაზეც მან უარი თქვა.
"დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ელჩმა რობინ დანიგანმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის წევრებმა უარი თქვეს შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე, სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად.
ელჩმა შეშფოთება გამოთქვა რუსულ კანონზე და თქვა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მთავრობის არჩევანმა ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა. ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება ევროატლანტიკური მომავლის მიმართ.