logo
ENG



საგარეო: შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ პოლონელი ექიმის საქციელი პროცესს სანდოობას უკარგავს

17 ივლ 202311:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/17/8bfits2nj8y3ysc.png
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, მარიუშ პიეტრ ჟაკს შეხვდა - უწყების ცნობით, შეხვედრის თემა მიხეილ სააკაშვილთან შესულ პოლონელ ექიმს ეხებოდა. კერძოდ, მათი თქმით, ქართულმა მხარემ შეშფოთება დააფიქსირა პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო.

"პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაუსვა ხაზი, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი "იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს".

"საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი", - ამბობენ საგარეოში.

დღეს საქართველოში პოლონეთის სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, ფორმულას ინფორმაციით, ამჟამად ის საქართველოში არ იმყოფება და დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრო.

პოლონეთის ელჩის ნაცვლად, საგარეო საქმეთა სამინისტროში მისიის ხელმძღვანელი მარიუშ პიეტრ ჟაკი იმყოფებოდა.

ელჩი სამინისტროში მას შემდეგ დაიბარეს, რაც 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იყო შესული, ფეხსაცმლის საშუალებით მალულად ნიმუშის გატანა სცადა.

პენიტენციურმა ვიდეოკადრებიც გაავრცელა, რომელზეც სავარაუდოდ ექიმს ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს, საიდანაც გადახვეული ქაღალდი ამოიღეს. როგორც პენიტენციურში ამტკიცებენ, ამ გადახვეულ ქაღალდში ცდილობდა ექიმი ნიმუშის გატანას.


close დახურვა