საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარი ნარჩემაშვილის თქმით, ალექსანდ ლუკაშენკოს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, "მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან".
პრესსპიკერი ამბობს, რომ ბელარუსის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი არ დგას.
"ბელორუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ბელორუსი ამ მხრივ რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული.
რაც შეეხება ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინტერვიუს რუსულ ტელეარხთან, მისი ინტერვიუდან ცალკეული ამონარიდები, როგორც ყოველთვის ამჯერადაც მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან და ისე მოწოდებული საზოგადოებისთვის", - ამბობს ნარჩემაშვილი.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ პროპუტინისტული ჟურნალისტთან ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საჭიროებას ვერ ხედავს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მზად არის ეს გააკეთოს.
"ამის აუცილებლობა არსებობს? როგორც კი დავინახავ ამას და პრეზიდენტი [ვლადიმერ პუტინი] მეტყვის, რომ საჭიროა...", - უპასუხა ლუკაშენკომ კითხვას "როდის აღიარებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს".