logo
ENG



საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ზალკალიანს 3+3 ფორმატში მონაწილეობა არ დაუდასტურებია

09 ოქტ 202112:37
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომში აცხადებენ, რომ მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადება ე.წ. 3+3 ფორმატთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციები ვრცელდება.

"საქართველოს საგარეო უწყებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ განიხილავს ე.წ. '3+3 ფორმატში' მონაწილეობას რუსეთთან ერთად. მიუხედავად ამისა, შეგნებულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მინისტრმა დაადასტურა აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობა", - ნათქვამია განცხადებაში.

7 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დავით ზალკალიანმა აღნიშნულ ფორმატზე ისაუბრა, სადაც თქვა:

"რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თუმცა, მინდა, საზოგადოებას ფიქრისთვის მივაწოდო ასეთი პოზიცია - ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე. რა თქმა უნდა, წითელი ხაზი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აუცილებელია, ჩვენ არ ჩამოვრჩეთ იმ პროცესებს, რაც რეგიონში ვითარდება და აუცილებლად ვიყოთ ყველა იმ ახალ, თუნდაც, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც შეიძლება, ასცდეს საქართველოს და ამით საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს. ამიტომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტი პოზიცია გვქონდეს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს".

დავით ზალკალიანის განცხადება კრიტიკულად შეაფასა აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ.

"ძალიან რთულია"? რუსეთი შემოიჭრა და ოკუპაცია მოახდინა. თქვენი მეგობრები ამჯობინებდნენ მოესმინათ, როგორ ამბობთ, რომ "შეუძლებელია", - წერს კელი ტვიტერზე

6 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ერთად განიხილა ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნა, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანს, სომხეთ, საქართველოსა და თურქეთს. მისი თქმით, აღნიშნულ ფორმატში ისინი ისაუბრებდნენ რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განვითარებაზე. როგორც ლავროვმა თქვა, ირანულმა მხარემ ინიციატივა პოზიტიურად შეაფასა და მსგავსი დამოკიდებულება აქვთ აზერბაიჯანსა და თურქეთს.

ყარაბაღის საკითხზე ექვსმხრივი ფორმატის შექმნის იდეით მანამდე თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები გამოდიოდნენ. მაშინაც ირანმა დადებითად შეაფსა და ფორმატში მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.


close დახურვა