logo
ENG



საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის კაცი სტაბილურად მძიმედაა, 2-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

23 იან 202311:04
3 წუთის საკითხავი
 

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ჯეოჰოსპიტალსის დირექტორის თქმით, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზეა.

კლინიკის დირექტორის თქმით, სროლის შედეგად დაჭრილი კიდევ 2 პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი ქირურგიულ პალატაში განაგრძობენ მკურნალობას.

"პაციენტები განაგრძობენ მკურნალობას ჩვენს კლინიკაში. ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რომლებიც ქირურგიულ პალატაში განაგრძობენ მკურნალობას, ხოლო ერთის მდგომარეობა, რომელიც სტაბილურად მძიმეა, დადებითი დინამიკით, მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე, გართულების რისკი ძალიან მაღალია. შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს", - ამბობს ოთიაშვილი.

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი. 

თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.

ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით.

თავდასხმის დეტალები - სრულად.


close დახურვა