ჯეო ჰოსპიტალსის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილებიდან ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა სტაბილურად არის.
"ორი პაციენტის მდგომარეობა ამ დილისთვის დამაკმაყოფილებელია, აგრძელებს მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში. ერთი პაციენტი, რომელიც კრიტიკულად მძიმეა და რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, შედარებით უკეთესადაა, პარამეტრები სტაბილურად აქვს, დასტაბილურებულია. პატარა წინსვლები გვაქვს, ის რომ, არასტაბილური იყო, ჰემოდინამიკას ვერ ვიჭერდით, ამ ეტაპისთვის, ეს დასტაბილურებულია და მხოლოდ მართვით სუნთქვაზე იმყოფება", - განაცხადა ექიმმა.
20 იანვარს ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი. დაჭრილია 5 ადამიანი.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ნოდარ ათუაშვილია.