პროკურატურის ინფორმაციით, საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე ბრალდება წარედგინა.
ბრალდება ასევე წარედგინა მოკლული გოგოს ბიძასაც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.
აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვანის ბიძისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ "არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება", ეს არ შეატყობინეს შესაბამის ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.
პროკურატურამ მოკლული გოგოს დედის დაკავების შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.