logo
ENG



საგზაო-სატრანსპორტო დარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადა გადაიწია

28 მარ 202010:46
3 წუთის საკითხავი
 

საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადები გადაიწია. გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ მიიღო.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ.

„მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას.

გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა და ამასთან, გადაუხდელობის გამო პირს არ შეუჩერდება მართვის უფლება.

საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გამოწერა არსებული წესით მოხდება.

ზემოაღნიშნული ცვლილება შეეხება მხოლოდ გადახდის ვადებს.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვადის გადაცილებისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ დაჯარიმდებიან.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს და მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი მომსახურების ცენტრებში არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები სატელეფონო ცენტრთან (241 42 42) დაკავშირებით და ასევე, ელექტრონული ვებგვერდის -police.ge მეშვეობით მიიღებენ“, - ვკითხულობთ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა