აშშ-ს საელჩო ეხმაურება ოპოზიციის ნაწილისა და ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან შეთანხმების ტექსტზე ხელმოწერას და აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია მისი განხორციელებაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მზადაა პარლამენტს დაეხმაროს შეთანხმების მიზნების მიღწევაში.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მნიშველოვანი ნაბიჯია, რითაც სრულდება მრავალთვიანი მოლაპარაკებები, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია მისი განხორციელებაც.
ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს, ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას, რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს. როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრაციის გზაზე", - წერია განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი პრეზიდენტის რეზიდენციაში მოაწერეს.
მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს შემდეგმა ოპოზიციურმა პარტიებმა:
- ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
- სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
- რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
- გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
- მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];
ინდივიდუალურად ხელი მოაწერა სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ.
ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.
დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.
მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.
- ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
- რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე.
- და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.