logo
ENG



საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ოპოზიცია საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

12 თებ 202020:31
3 წუთის საკითხავი
 

მთელი პოლიტიკური სპექტრი ახლა საგანგებო რეჟიმზეა, - კონსულტაციების ამ ეტაპზე ლიდერები კონკრეტულ გვარებსა და სტრუქტურას განიხილავენ, თუ ვის ან რა წესით შეარჩევენ მაჟორიტარულ ოლქებში. საერთო კანდიდატებზე მსჯელობა დედაქალაქის საარჩევნო ოლქებიდან დაიწყო. კონკრეტულ გვარებზე საჯაროდ ჯერ არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ კანდიდატებს მათი შანსების და პარტიების რესურსების მიხედვით არჩევენ. ყველა კანდიდატი სავარაუდოდ პოლიტიკოსი იქნება. 

პარალელურად, იგეგმება გასვლები რეგიონებში, იმ მასშტაბური აქციისთვის მოსამზადებლად, რომელიც 4 აპრილს რუსთაველზე გაიმართება. ოპოზიცია აცხადებს, რომ დიქტატურისკენ მიმავალ ხელისუფლებასთან გარიგებები არ იქნება.  

შეუსრულებელი დაპირებისა და ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, არ გამორიცხავენ, "ქართულმა ოცნებამ" გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც დანიშნოს. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, საერთო პოლიტიკური მეტოქის დამარცხებაა ის მთავარი მიზანია, რის გამოც განსხვავებული ღირებულებების მქონე პოლიტიკოსებს ერთიან საარჩევნო სტრატეგიაზე შეთანხმება არ გაუჭირდებათ. 

ახალ საარჩევნო გეგმას ოპოზიციის ის ნაწილიც უერთდება, რომელიც 8 წლის წინ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს "ქართული ოცნების" სახელით იყრიდნენ. 

თბილისის 22 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას და ერთიანი საარჩევნო სტრატეგიის გასაჯაროებას ოპოზიცია 4 აპრილს, თბილისში დაგეგმილ საგანგებო აქციაზე აპირებს. თუმცა აანონსებენ, რომ მოლაპარაკებები სხვა რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებითაც გაგრძელდება. 

ოპოზიციის გადაწყვეტილებით, პარლამენტს გენერალური პროკურორის დამტკიცებაც კვლავ პიკეტირებული შესასვლელების და სირცხვილის კორიდორების ფონზე მოუწევს.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა