საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც 6-18 მარტს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ფონდის თანამშრომლების წინასწარ მიგნებებზეა საუბარი.
ანგარიშში, რომელშიც ძირითადად საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეა საუბარი, ყურადღება სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემაზეც არის გამახვილებული.
კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო რეგიონში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის და კორუფციის არარსებობის კუთხით ლიდერია, თუმცა აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში მმართველობის მაჩვენებელი გაუარესდა.
ანგარიშში მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მმართველობის სტანდარტებისა და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად, გააძლიეროს სასამართლო სისტემა და ანტიკორუფციული სამსახური.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობისა და კორუფციის არარსებობის კუთხით ლიდერია, ბოლო წლებში მმართველობის მაჩვენებლები გაუარესდა. მმართველობის სტანდარტების და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველომ უნდა გააძლიეროს სასამართლო სისტემა და გააძლიეროს ანტიკორუფციული სამსახური", - აღნიშნულია ანგარიშში.
ეს განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნითი განაცხადია, რომელიც წევრ ქვეყნებში ფონდის თანამშრომელთა ვიზიტის დასრულების შემდეგ გასაჯაროებულ წინასწარ მიგნებებს წარმოადგენს. მისია ყოველწლიური კონსულტაციების ფარგლებში შესრულდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდების IV მუხლით არის გათვალისწინებული და ქვეყნის ეკონომიკაზე დაკვირვებისთვის არის აუცილებელი