logo
ENG



სავარაუდო კორუფციული გარიგების სქემა ჩხოროწყუში - აქტივისტები მერს ადანაშაულებენ

10 თებ 202120:41
3 წუთის საკითხავი
 

ჩხოროწყუს მერს, დავით გოგუას სამოქალაქო აქტივისტები კორუფციაში სდებენ ბრალს. დღეს, 10 თებერვალს მოძრაობამ "საქართველოსთვის" ზუგდიდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სპეციალური განცხადებით მიმართა და სავარაუდო კორუფციული გარიგების სქემა წარუდგინა.

აქტივისტები ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას უფლებამოსილების შეჩერებასა და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. 

"ინდივიდუალური მეწარმეები ყოველგვარი გამოცდილების გარეშე იღებენ ასეულ ათასობით ლარს. ჩვენი ვარაუდით, ამ სქემის უკან დგას ჩხოროწყუს მერი, დათო გოგუა, რომელიც ერთი კვირის წინ გაეხვა სკანდალში, მოსწავლეების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით", - ამბობს აქტივისტი ალიკა კუპრავა.

საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სქემაში, სხვა პირებთან ერთად შპს ჩხორწყალის დირექტორი, ბაკურ ქომეთიანიცაა ჩართული. ის ამ თანამდებობაზე 2017 წელს თავად  დავით გოგუამ დანიშნა, იქამდე კი მერიასთან თანამშრომლობდა და გამარტივებული შესყიდვით ბიუჯეტიდან თითქმის 200 000 ლარამდე თანხა აქვს მიღებული.

კვლევის მიხედვით, სქემაში კიდევ სამი ადგილობრივი მონაწილეობს, რომლებიც ბაკურ ქომეთიანის მეგობრები, ან თანამშრომლები არიან. სამივე მათგანმა: ლევან პაპავამ, ლაშა ქობაიამ და არსენ ქარჩავამ მერიასთან თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ხელშეკრულებები იდენტური სქემით გააფორმეს.

სქემა ასეთია: ხელშეკრულების დადებამდე საჯარო რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმეებად დარეგისტრირდნენ, დარეგისტრირებიდან მეორე დღესვე ერთ პირთან მოლაპარაკებით მერიამ მათ კონტრაქტები გაუფორმა. იდენტურია საქმიანობაც - მათ სტიქიის დროს მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაურონ. ამ სამუშაოებზე ცენტრალური მთავრობა ბიუჯეტიდან თანხებს ყოველწლიურად გამოყოფს.

კიდევ ერთი დეტალი - მეწარმეები, რომელსაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებები კონკურსის გარეშე გაუფორმა სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე არ იძებნებიან, შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ აღმოაჩინეს ისინი.

სავარაუდო კორუფციული სქემის ერთ-ერთ მონაწილე, ბაკურ ქომეთიანი ადასტურებს, რომ მერიას წლებია ემსახურება, თუმცა კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს. 

"[დავით გოგუასთან] მეგობრობა რა შუაშია, ვიცნობთ ერთმანეთს, ნაცნობობით ჩხოროწყუში ბევრ ვიცნობ, მაგრამ ჩემი ურთიერთობა ამ საქმეში გამორიცხულია", - ამბობს ბაკურ ქომეთიანი ფორმულასთან საუბარში.

ჩხოროწყუს მერი, დავით გოგუა ასევე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ კონკრეტულმა პირებმა მისი დისკრედიტაციის მიზნით კამპანია წამოიწყეს. 

"ამ ადამიანებთან არც ნათესაური კავშირი მაქვს და არც არაფერი. ეს არის სრული აბსურდი და რაღაცა ყურით მოთრეული გამიზნული პროვოკაცია", - ამბობს ის.


close დახურვა