"ფორმულა" პარტია "ევროპული საქართველოს" მიერ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ გაჟღერებული ბრალდებების დეტალების მოკვლევას მთელი დღის განმავლობაში ცდილობს.
მას შემდეგ, რაც პარტიამ ჯანდაცვის სამინისტრო პანდემიის დროს, კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა, ჩვენ უწყების პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა სამინისტროში კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. აღსანიშნავია, რომ კომენტარები დღის განმავლობაში არც მმართველ პარტიაში არ გაკეთებულა.
გარდა ამისა, "ფორმულა" დაუკავშირდა იმ კომპანიის დამფუძნებელს, რომელიც სავარაუდო კორუფციულ გეგმაშია ჩართული. საუბარია შპს "შილდზე", რომელიც 2020 წლის 10 აპრილს დარეგისტრირდა, ხოლო სამინისტრომ მასთან 5 დღეში 90 000-იანი ხელშეკრულება გააფორმა.
"შილდის" დამფუძნებელი ალექსანდრე ქობულაშვილი ამბობს, რომ მათი მაღაზია ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
"ჩვენ მაღაზია გვაქვს ბავშვთა სამყაროსთან. იქ გვქონდა ბახილები შემოტანილი მეორე ფირმით. იმ ბახილებზე, რომ მოვიდნენ და ნახეს, რომ მარტო ჩვენ გვქონდა, იქიდან უკვე დამყარდა კომუნიკაცია. ბავშვთა სამყაროს გვერდზე, რომ ბაზრობაა იქ გვაქვს ადგილი", - განაცხადა ქობულაშვილმა.
ამასთან, პარტიის ინფორმაციით, სამინისტრომ იმ კომპანიებთან გააფორმა ხელშეკრულებები, რომლებიც პანდემიის დროს შეიქმნა და ან მათი მფლობელები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები. მაგალითად, შპს „ვიქენდმა“, რომელთანაც გაფორმებულია 1 329 000 ლარზე მეტი ხელშეკრულება. მისმა დამფუძნებელმა საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას 25 000 ლარი შესწირა.