logo
ENG



საზმაუ: დაფინანსებაზე კანონპროექტი, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს

16 ნოე 202318:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/16/424kj25evdwmsmp.jpg

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმართავენ, რომელიც მაუწყებლის დაფინანსების არსებულის წესის შეცვლას გულისხმობს.

პირველი არხის განცხადებით, კანონპროექტი მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და ფაქტობრივად, აუქმებს მას.

"დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არც ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან და, სამაგიეროდ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპთან. ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა ნოელ კურანმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს და ჩვენ ამ შეფასებას სრულად ვიზიარებთ.

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, გამომდინარე იმ საფრთხიდან, რის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც ინსტიტუცია, მაუწყებლის თანამშრომლები დაბეჯითებით გთხოვთ, კანონის საბოლოოდ მიღებამდე შეგვხვდეთ და მოისმინოთ ჩვენი მოსაზრებები", - ნათქვამია განცხადებაში.

***

კანონპროექტს, რომლითაც კანონით განსაზღვრული მაუწყებლის დაფინანსების ნორმა უქმდება, პარლამენტმა მხარი მხარი პარლამენტმა გუშინ, 15 ნოემბერს დაუჭირა. არსებული ნორმა მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ით ითვალისწინებს. განმარტებითი ბარათის თანახმად, საზმაუს ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები. გარდა ამისა, დაფინანსების წინა წელთან შედარებით შემცირება მხოლოდ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ "დაფინანსების მოქმედი წესი უკვე არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას".

"ასე მაგალითად, მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69,6 მლნ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მლნ ლარის ოდენობით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის 160%-იანი ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული დაფინანსების წესიდან გამომდინარე - ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები არიან: პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ზაალ მიქელაძე, ირაკლი კირცხალია, ირაკლი ზარქუა, დილარ ხაბულიანი, ბექა ლილუაშვილი.

კანონპროექტს აკრიტიკებს არხის მენეჯმენტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა ქართული კანონმდებლობა ევროპულთან ახლოვდება და ქვეყანას აქვს ვალდებულებები, ეს გადაწყვეტილება არამართებულია.


close დახურვა