საზოგადოებრივი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის განხილვა ეროვნული სირცხვილი, ყველა მოქალაქის შეურაცხყოფა და ანტიკონსტიტუციური ნაბიჯი იყო. მათი ინიციატივაა, რომ არსებულ ფორმატებში ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გააჩერონ. მათი თქმით, განცხადება ღიაა ნებისმიერი ორგანიზაციისა და მედიისთვის.
"ამ კანონის პირველი მოსმენით მიღება ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია ქვეყნის დემოკრატიული და პროდასავლური განვითარების კურსს. დღეს ყველასთვის უფრო მეტად გასაგები გახდა, რას ემსახურება ხელისუფლების და მისი პროპაგანდისტული მედიების მიერ წარმოებული ანტიდასავლური კამპანიები, ევროპული ინსტიტუტების მუდმივი დელეგიტიმაცია, მოძმე უკრაინელი ხალხისადმი არამეგობრული დამოკიდებულება და ამის პარალელურად, რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებებისადმი მკაფიო პოზიციების არქონა.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა - მეცნიერები, პედაგოგები, ექიმები, კულტურის და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები, სტუდენტები და სხვა ჯგუფები დღეს ერთად დგანან ისტორიის სწორ მხარეს.
შესაბამისად, ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები დღეიდან ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არსებულ ფორმატებში სანამ ხელისუფლება ამ კანონს უკან არ გაიხმობს და არსებითად არ დააბრუნებს ქვეყანას დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ უარს ვამბობთ, მონაწილეობა მივიღოთ შეხვედრებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. არ ვითანამშრომლებთ მათთან სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში.
დასმენებისა და რეპრესიების ეპოქის დაბრუნების მცდელობების მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ ბავშვების, ქალების, ხანდაზმულების, მშრომელების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებებზე ზრუნვასა და მათ მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.
განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.
აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.
პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".
ამ დროის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.