საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი დაცვის წევრი მიხეილ ბატურინი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ფორმულას მეზღვაურების ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დაუდასტურა.
როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, დაკავებულები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში შეწყალების თხოვნის გარეშე გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, ეს მოწმობს, რომ ისინი უდანაშაულოები იყვნენ.
როგორც ბასილაიამ აღნიშნა, დაკავებულებიდან ორ მათგანს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის შეწყალება შესთავაზეს, თუმცა მათ უარი თქვეს.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, მიხეილ ბატურინს, ადვოკატის თქმით, მას ციხეში დატოვებას უპირებდნენ.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულები ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაათავისუფლეს.
"დადგა ვითარება, როდესაც ფაქტობრივად, ქართულ სახელმწიფოს დაუყენეს საკითხი მათი გათავისუფლების შესახებ და ჩვენდა სამარცხვინოდ, შეწყალება შესთავაზეს მხოლოდ იური ხომიჩს და ვოლოდიმირ დიაჩენკოს და მიხეილ ბატურინს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ციხეში დატოვებას უპირებდნენ. ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს ხომიჩმა და დიაჩენკომ, რადგან არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, რის შემდეგაც მოხდა უპრეცედენტო რამ, შეწყალების თხოვნის გარეშე სამივე გაათავისუფლეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომიდან დაახლოებით 5 დღეში", - თქვა ბასილაიამ.
უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი მიხეილ ბატურინი საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის ნოემბერში დააკავეს.
14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.