logo
ENG



სათადარიგოთა სკამი ოცნებას ძალიან მოკლე აქვს - ოპოზიცია შოთაძეზე

17 იან 202014:33
3 წუთის საკითხავი
 
axc3uh652dzmelr.jpg

ოპოზიცია ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ეხმაურება.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, "ქართულ ოცნებას" სანდო ადამიანების დეფიციტი აქვს. მათთვის გაუგებარია, რატომ აქებენ შოთაძეს დღეს უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც თავის დროზე პოსტიდან მის გადადგომას ეთანხმებოდნენ.

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა შოთაძის წარდგენას ქვეყნის სირცხვილად აფასებს. 

„შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება არის ქვეყნის სირცხვილი. ეს არის „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის სირცხვილი, უბრალოდ ეს ხალხი უსირცხვილოა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ოცნების“ სათადარიგოთა სკამი ძალიან მოკლე აქვს. ასევე ეს მიუთითებს იმაზე, რა საცოდავ დღეშია ივანიშვილი, ამხელა რესურსის და ფულის პატრონია და ნორმალური, ახალი ადამიანი ვერ იპოვა და ვერ დაითანხმა, რომ პროკურორად მოიყვანოს. ეს ადამიანი მეორედ მოდის, რომ ისევ დაიკავოს პროკურორის თანამდებობა. მოვისმინე თეორიები, რომ ივანიშვილს შოთაძე, რომც წააგოს მაინც სჭირდება, მაგრამ მინდა ვუთხრა ორივეს, შოთაძეს პანჩურით გამოაგდებენ თვითონ პროკურატურის თანამშრომლები“, - ამბობს გიგი უგულავა.

მის აზრს იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე, რომელიც ამბობს, რომ მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების უზურპირებას ახდენს. 

„ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ივანიშვილი აპირებს პოლიტიკური პროცესების გაგრძელებას რეპრესიების თანხლებით. ეს არის უზურპირებული ძალაუფლების გამოყენება, ხელისუფლების არაკანონიერად შენარჩუნებისთვის. „ქართული ოცნების“ მმართველობა არის დამთავრებული და ვერც შოთაძე და ვერც მსგავსი დანიშვნები ვერ გადაარჩენს ამ უკანონო რეჟიმს“, - აღნიშნა გოცირიძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ შოთაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. 

„შოთაძის წინააღმდეგ ვიყავი ყოველთვის, იმიტომ, რომ შოთაძე არის ადეიშვილის გადმონაშთი. შოთაძე იმ კოლონაში იჯდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება უნდა ეზეიმა 1 ოქტომბერს. შოთაძის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერთ, უფრო მეტიც ძალიან მწვავე კითხვებს დავუსვამთ“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.


close დახურვა