სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებით, აზარტულ თამაშებზე რეგულაციების დაწესების შემთხვევაში, ბიზნესები ქართული სპორტის სპონსორობას ვეღარ შეძლებენ.
სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების დაწესების შესახებ კანონპროექტის განხილვები პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დამტკიცდება. კანონპროექტის ინიციატორი მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილია.
ასოციაციის განცხადებით, რეგულაციები სათამაშო ბიზნესისთვის დიდი წნეხი იქნება, გაჩნდება ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროება და სათამაშო ბიზნესებისთვის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადება შეუძლებელი გახდება.
ყველა ლიცენზირებული სათამაშო ვებ-გვერდის ოპერატორმა ერთობლივი განცხადება იმ სპორტის სფეროს წარმომადგენლების საპასუხოდ გაავრცელა, ვინც ეს საკანონმდებლო ინიციატივა ქართული სპორტისთვის დაფინანსების მოპოვების ახალ შესაძლებლობად შეაფასა.
„გვსურს დაგარწმუნოთ, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას. კანონ-პროექტით დაშვებული სასპონსორო სარეკლამო საქმიანობა არ წარმოადგენს კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებულ დანახარჯს, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე“, - წერია საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სათამაშო ბიზნესებმა ბოლო წლებში ქართულ სპორტში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჩადეს. ამ ფინანსებმა კი ხელი შეუწყო, როგორც ადგილობრივი ჩემპიონატების ჩატარებას, ისე ქართველი სპორტსმენების განვითარებას.
„ამ მიმართულებით გამოყოფილი უზარმაზარი ფულადი სახსრები ფინანსდებოდა ბიზნესის სტანდარტული საქმიანობით, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ მოქმედ საკანონმდებლო პირობებში - სხვა მარკეტინგული ან ფინანსური გამართლება აღნიშნულ სასპონსორო კამპანიებს არასოდეს ჰქონია“, - წერია განცხადებაში.
რა იკრძალება ახალი რეგულაციებით?
კანონპროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის გახმოვანების შემდეგ მოამზადა, აზარტული თამაშების შეზღუდვას გულისხმობს.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მიხედვით, 25-წლამდე ადამიანებს ყველა სახის აზარტული თამაშები აკერძალებათ, გარდა წამახალისებელი ლატარიებისა.
ყველა საჯარო სამსახურში, მათ შორის, მარეგულირებელ ორგანოებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს აეკრძალებათ აზარტული თამაშები. ასევე, თამაში ეკრძალებათ სოციალურად დაუცველებს. შეიქმნება აკრძალულ პირთა სია.
ასევე, იქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია და შეიქმნება მონაცემთა ბაზა. დამოკიდებულ პირთა სიაში ადამიანებს 5 წლით შეიყვანენ.
იგეგმება, რომ დამოკიდებულთა და ასაკრძალი პირების სიების შესახებ კანონის მუხლები 2022 წლის მარტიდან ამოქმედდეს, თამაშის აკრძალვა კი ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.
აკრძალვა არ ეხება სპორტულ ფსონებს.
ასევე, იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა, არის გამონაკლისების სია, რა შემთხვევვაშიც რეკლამა დაშვებულია, მაგალითად, კანონპროექტში წერია, რომ:
- რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;
- იქ, სადაც მიმდინაროებს სპორტული ღონისძიება, კომპანია კი არის სპონსორი;
- რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე;
კანონპროექტში წერია, რომ "დაუშვებელია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციის შემცველი ერთზე მეტი აბრის განთავსება და ასეთი აბრა 10 კვადრატულ მეტრს არ უნდა აღემატებოდეს".
აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;
- რეკლამა ვრცელდება მხოლოდ აზარტული თამაშობის მოწყობის, ტოტალიზატორის მოწყობის, ლოტოს მოწყობის ან/და ბინგოს მოწყობის ობიექტის შიდა პერიმეტრზე.
- ტელემაუწყებლობის დროს რეკლამა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ესა თუ ის სათამაშო ბიზნესი არის არხის ან გადაცემის სპონსორი.
რეკლამის წესების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესი 10 000 ლარით დაჯარიმდება.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს, 14 დეკემბერს დაჩქარებული წესით დაიწყო.