logo
ENG



საია-ს თავმჯდომარე: ქობულეთში სამართალდამცველებს არასრულწლოვნის სუიციდის არიდება შეეძლოთ

11 თებ 202115:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/11/2ovz3uwueogbtib.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ფორმულასთან საუბარში ქობულეთში არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალებას ეხმაურება და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ქობულეთში არასრულწლოვანი გოგო გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს. 

სიმონიშვილის თქმით, ზოგადად, სავარაუდო ძალადობის მსხვერპლთან სოციალური მუშაკი მუშაობს. თუმცა, დღესდღეობით, სოციალურ მუშაკს არ გააჩნია დახმარების პროგრამა, რომელსაც ის მსხვერპლს შესთავაზებს. სიმონიშვილის თქმით, ამაში დამნაშავე სახელმწიფოა.

"დღეს სოციალურ მუშაკს არ გააჩნია შესაბამისი ინსტრუმენტები, არ არსებობს დახმარების პროგრამები, რომელსაც სოციალური მუშაკი შესთავაზებს ძალადობის მსხვერპლს. ჩვენ მივიღეთ ბავშვთა ქცევის კოდექსი და იქ არის გათვალისწინებული, რომ მთავრობას ეს უნდა მიეღო გასული წლის მარტისთვის, მაგრამ სახელმწიფოს ეს პროგრამა არ შეუმუშავებია. ეს ყველაფერი დაბრალდა კოვიდ 19-ს. არ შეიძლება, ვირუსის არსებობამ გაამართლოს ქვეყანაში ბავშვთა პროგრამების არარსებობა", - აცხადებს სიმონიშვილი.

მეორე პრობლემად სიმონიშვილი სამართალდამცველების მხრიდან უყურადღებობასა და არაკვალიფიციურობას ასახელებს. საია-ს თავმჯდომარის თქმით, გამოძიება არასწორი მუხლით დაიწყო. სიმონიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველის სწორი მოქმედების შემდეგ, შესაძლებელი იყო მსხვერპლის თავიდან აცილება. 

"ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად ინფორმაციის არსებობისა, პოლიციას მოძალადე არ დაუკავებია. საერთოდ არასწორი კვალიფიკაციით დაიწყო გამოძიება - 140-ე მუხლით, რომელიც არასრულწლოვნის თანხმობით სქესობრივ აქტს გულისხმობს. თან როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას აქვს ადგილი, რომელმაც შეიძლება განსაკუთრებით დიდი ტრავმა მიაყენოს ბავშვს, ასეთი მოძალადის ბავშვისგან მოუშორებლობა, სერიოზული პრობლემაა. პოლიციას უნდა დაეკავებინა ის და გარეთ თავისუფლად ყოფნის შესაძლებლობა არ უნდა ქონოდა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ერთერთი პრევენცია, რომ სუიციდი აგვერიდებინა თავიდან", - აცხადებს სიმონიშვილი. 

სიმონიშვილის განცხადებით, პოლიციას უნდა ეზრუნა, რომ კვალიფიკაცია უფრო სერიოზული მუხლით უნდა დაწყებულიყო - ბავშვის გაუპატიურებით. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს. კაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული. როგორც ირკვევა, ოჯახმა ძალადობაზე პოლიციას შეატყობინა, თუმცა რეაგირება დაგვიანდა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ქობულეთში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგოსთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

რადიო თავისუფლების ცნობით, გარდაცვლილი მოზარდის ბაბუას თქმით, მომხდარი 2 თვის წინ გაიგეს, როცა კაცი გოგოსთან ისევ გამოჩნდა. ის ამბობს, რომ პოლიციას შეატყობინეს, გოგოს ექსპერტიზა ჩაუტარდა და პასუხმა დაიგვიანა, სავარაუდო მოძალადე კი დაკავებული არ იყო, რაზეც გოგო დარდობდა. 

 

 

 

 

 


close დახურვა