საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოპოზიციის მიერ 8 ნოემბერს ცესკო-სთან გამართულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, რაც საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა.
როგორც საია-ში აცხადებენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დემონსტრანტების მცირე ნაწილის მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ მათ წყლის ჭავლი დაუპირისპირა და სპეციალური საშუალების გამოყენებას წინ უძღოდა მხოლოდ აქციის ერთეული მონაწილის მხრიდან რკინის ღობის მორღვევის მცდელობა, ხოლო დემონსტრანტების ძირითადი ნაწილი პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, არ არსებობდა პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალებების გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის გამოყენების აუცილებლობა, რადგან იმ მომენტში აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ შენობის მიმდებარედ არსებული ღობის მიღმა, რომლის მთლიანობაც დარღვეული არ იყო, ხოლო შენობაში შეჭრის მყისიერი საფრთხე არ არსებობდა. საია-ში აცხადებენ, რომ გავრცელებული კადრებიდან ასევე არ ჩანს, რომ რეალური და მყისიერი საფრთხე ემუქრებოდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ან სხვა გარშემო მყოფთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
"ამასთან, წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციას სათანადოდ არ უცდია სიტუაციის განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებით. ასევე, შესაბამის ორგანოებს აქციის იმ მონაწილეებისგან, რომლებიც დამცავი ბარიერის გარღვევას ცდილობდნენ, ამ ქმედებების შეწყვეტა არ მოუთხოვიათ. იმავდროულად, მათ არ გაუფრთხილებიათ დემონსტრანტები ძალის გამოყენების შესახებ. წყლის ჭავლი ასევე გამოიყენებოდა აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მოგვიანებით, აქციის მიმდინარეობისას, საათზე მეტი დროის განმავლობაში, სამართალდამცველები შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ და აფრთხილებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დასაშლელად ძალას გამოიყენებდნენ. თუმცა, ამ პერიოდშიც აქციის მონაწილეების უმეტესობა პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა და კანონს მხოლოდ მცირე ნაწილი არღვევდა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი კვლავ გამოიყენა", - აცხადებენ NGO-ში.
საია-ში მიაჩნიათ, რომ არსებითად პრობლემური იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებების ინტენსივობა და ფორმა.
"საერთაშორისო სტანდარტებით, წყლის ჭავლი წარმოადგენს სპეციალურ საშუალებას, რომელსაც მიმართავენ მხოლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი არეულობისას, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან არსებობს ქონების მასობრივად განადგურების რისკი. ასევე, არ შეიძლება წყლის ჭავლის გამოყენება ინდივიდუალური პირების ან მცირე ჯგუფების მიმართ ან მცირე მანძილიდან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუდმივი დაბრმავება, ან, როდესაც არსებობს ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკი - წაქცევის, კედელსა ან მაგარ საგანზე შეხეთქების შედეგად. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რიგ შემთხვევაში წყლის ჭავლი გამოიყენებოდა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ინდივიდუალური პირების მიმართ, რის შედეგადაც, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო აქციის 10-მდე მონაწილემ. იმ პირობებში, როდესაც დემონსტრანტების მხრიდან არ ხდებოდა მასობრივი დარღვევები და არ არსებობდა მყისიერი საფრთხე,მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება იყო არაპროპორციული", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
ამასთან, NGO-ში მიაჩნიათ, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისის ფონზე, ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება დაუშვებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო სხვა, ნაკლებად მძიმე საშუალების გამოყენება.
გარდა ამისა, საია-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შსს სამინისტრომ ვერ უზრუნველყო შესაბამისი ზომების მიღება, რათა მაქსიმალურად აეცილებინა თავიდან იმ დემონსტრანტების დაშლა და დაზიანება, რომლებიც არ იყვნენ ძალადობრივ ქმედებებში ჩართულნი და მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არალეგიტიმური იყო.
"აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები, ასევე, დაზიანდა მათი ტექნიკა. პოლიციამ არ დაიცვა კანონით მისთვის დადგენილი ვალდებულება, ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას", - აცხადებენ NGO-ში.
საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის დაზიანების და მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე. ამასთან, უზრუნველყონ გამოძიების წარმართვა ეფექტიანად და გონივრულ ვადაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია შს სამინისტროს მოუწოდებს, რომ აქციებზე უზრუნველყოს მანიფესტაციის უფლებით მშვიდობიან გარემოში სარგებლობის შესაძლებლობა და არ დაუშვას ძალის არალეგიტიმური და არაპროპორციული გამოყენება. გარდა ამისა, უზრუნველყოს, დემონსტრაციების მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება და მათ მიერ საქმიანობის თავისუფლად და შეუფერხებლად განხორციელება.
გარდა ამისა, საია მიმართავს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს და მოუწოდებს მათ, გააცნობიერონ პროცესების მშვიდობიან ფორმატში წარმართვის აუცილებლობა და გადადგან ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ.
8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წყლის ჭავლით დაარბიეს.
მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შემდეგ გადმოინაცვლეს.
ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ და ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.