logo
ENG



საია: კენჭისყრის პროცედურები მთელ რიგ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა

31 ოქტ 202021:29
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცედურები მთელ რიგ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა.

როგორც საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ აღნიშნა, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე დაძაბული ატმოსფერო იყო, რაც გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობაზე.

მისი თქმით, ძირითადად დარღვევები შეეხო ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს, დამკვირვებლების მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას, მედიის საქმიანობის ხელშეშლას, უბანზე არარეგისტრირებული პირების მიერ ხმის მიცემას, მარკირების წესების დარღვევას და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებს.

ამ ეტაპზე, საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა ჯამში 76 საჩივარი, აქედან 43 უბნის, ხოლო 33 - ოლქის დონეზე. ეს არ მოიცავს ხმის დათვლის დროს საჩივრებს.

ორგანიზაციის მიერ 18:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები ასეთია:

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები

  • ქარელის 30-ე და 18-ე, ასევე ხაშურის 21-ე და 39-ე უბნებზე, საია-ს დამკვირვებლებმა აღრიცხეს ამომრჩევლებისათვის თანხის ხელიდან ხელში გადაცემის შემთხვევები. ზოგ შემთხვევაში ეს ხდებოდა კენჭისყრის შენობის გვერდით არსებულ შენობაში, ზოგ შემთხვევაში იქვე გაჩერებული ავტომანქანიდან. თანხას ამომრჩევლებს გადასცემდნენ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თანხის გადაცემაში სავარაუდოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა

  • სამგორის ოლქში, საია-ს მობილური დამკვირვებელი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანზე აკვირდებოდა კენჭისყრის პროცედურებს. მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა დააფიქსირა დარღვევა მედია საშუალება newpost-ის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების შესახებ, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეუქმნეს მტრული გარემო ყველა იმ უბანში, სადაც დარღვევების დაფიქსირების შემდეგ შევიდა. ამან არსებითად შეაფერხა ორგანიზაციის მუშაობა ამ ნაწილში. ამავდროულად, newpost-ი აგრძელებდა კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკას.

  • მარნეულის მე-10 უბანში, საია-ს დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მისცა საჩივრის დარეგისტრირების უფლება.

მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა

  • გლდანში საარჩევნო უბნების მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსებთან უცნობი პირები ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს გადაღებაში და მოუწოდებდნენ, შეეწყვიტათ გადაღება.

  • თელავის 38 საარჩევნო უბანზე, სოფელ ყარაჯალაში, TV პირველის ჟურნალისტები არ დაუშვეს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ მოუწევდათ გამოკითხვაზე მისვლა იმის გამო, რომ ისინი ხელს უშლიდნენ კომისიას მუშაობაში.

მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა

  • მარტვილის 29-ე უბანში ნაკადის მომწესრიგებლის მიერ არ ხდებოდა მარკირების შემოწმება.

  • გორის მე-20 უბანში მარკირება გაუკეთეს პირს, რომელიც არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი, რის შემდეგაც თავად კომისიის წევრებმა გადაიყვანეს გვერდით მდებარე უბანში, სადაც მისცა ხმა.

  • მარნეულის მე-10 უბანში ამომრჩევლებს მარკირების გარეშე უშვებდნენ.
  •  გარდაბნის №21 უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით, ისე უბანზე მისვლით. საიამ დაწერა საჩივარი უბნის და ოლქის დონეზე; 

  • კასპის №29 უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც არ იყო ამ უბანზე რეგისტრირებული.

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

  • ზუგდიდის №47 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნებისას, გამოყენებული დადარჩენილი ბიულეტენების რაოდენობა არ შეესაბამებოდა წაღებული ბიულეტენების რაოდენობას - ჯამში, იყო ერთით ნაკლები.

  • მარტვილის №19 უბანზე გამოცხადებისას დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიის წევრებს გადაეცათ სულ 45-45 საარჩევნო ბიულეტენი - როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული. საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა,რომ  გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმა მისცა 41-მა ამომრჩეველმა, უბანზე კიდაბრუნდა სამ-სამი გაფუჭებული ბიულეტენი. შესაბამისად, დაიკარგა ერთი მაჟორიტარული დაერთი პროპორციული ბიულეტენი;

  • შუახევის №1 უბანზე გადასატანი ყუთი შემოიტანეს დაულუქავი. საიას დამკვირვებლის მიერსაჩივრის წერის დროს ყუთი გაიტანეს უბნის გარეთ და შემოიტანეს უკვე დალუქული სახით.

close დახურვა