logo
ENG



საია: კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ გადაადგილება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ

27 ნოე 202015:55
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/27/cgo2ou0ha7vtokv.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან ასამოქმედებელ შეზღუდვებს ეხმაურება და აცხადებს, რომ  კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნაა ის, რომ შრომის და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ.

საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პარლამენტიდან მთავრობაზე დელეგირება.

"ამის მიზეზია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით, ხოლო კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლების რეგულირება ხდება ორგანული კანონით. როგორც ჩვეულებრივ კანონს, ისე ორგანულ კანონს იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ", - აცხადებენ NGO-ში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია საიას 2 საქმე, რომელიც ზემოთხსენებული უფლებების მთავრობის მიერ შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხს ეხება. 

"კონსტიტუციით განმტკიცებულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს ეკისრება შრომისა და გადაადგილების თავისუფლებაზე ექსკლუზიური საკანონმდებლო ჩარჩოს დაწესების ვალდებულება. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიხედვით, მთავრობა პარლამენტის მიერ დაწესებული სტანდარტების ზედმიწევნით აღმასრულებელი უნდა იყოს. ეს არის ხელისუფლების დანაწილების ის მოდელი, რასაც კონსტიტუცია გვთავაზობს. ამის საპირისპიროდ, რეალურად ვიღებთ ისეთ ვითარებას, როცა შრომის და გადაადგილების კონსტიტუციურ თავისუფლებების შემზღუდველ ჩარჩოს, პარლამენტის მონაწილეობის გარეშე, აწესებს მთავრობა, რომელიც არის თავისივე დაწესებული შეზღუდვის აღმასრულებელი. ასეთ ვითარებაში, მთავრობის უკონტროლო და ჭარბი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ერთადერთი გარანტი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც უნდა დაიცვას ადამიანის კონსტიტუციური უფლებები მთავრობის გაუმართლებელი ჩარევისაგან და იმავდროულად აიძულოს პარლამენტი, შეასრულოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება - მთავრობას დაუწესოს შრომის და გადაადგილების თავისუფლების შემზღუდველი საკანონმდებლო ჩარჩო", - აცხადებენ საია-ში.

NGO მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს მის წარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც ეხება შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას, ხოლო აღნიშნული სარჩელების განხილვის დროში გაწელვა კიდევ უფრო დააზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანობას და შეარყევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.

 

 

 

 


close დახურვა