logo
ENG



საია: პროკურატურამ აბაზოვს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ბრალდება დაუსაბუთებლად მოუხსნა

16 აპრ 202016:25
3 წუთის საკითხავი
 
ki7i5agmvykdknk.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა აოციაცია მარნეულის მერის თემურ აბაზოვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურის ქმედებები კითხვის ნიშნებს ბადებს.

„2020 წლის 12 თებერვალს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი და მასთან ერთად ბრალდებული 3 პირი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გაამართლა.

საია მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დასკვნითი სიტყვის ეტაპზე პროკურატურამ თემურ აბაზოვს, რამინ ალახვერდიევს და ელიხან გულიევს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებლად მოუხსნა, რამაც გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე და მოსამართლეს შეუქმნა საფუძველი, მტკიცებულებებით გამყარებული ბრალდების ამ ნაწილზე საერთოდ აღარ ემსჯელა.

სასამართლოს მიერ ოთხივე პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებამ, მის დასაბუთებულობასთან, ისევე როგორც პროკურატურის ქმედებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები გააჩინა“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

თემურ აბაზოვის საქმე:

თემურ აბაზოვს თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში ედებოდა ბრალი, რაც 5-დან 10-წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. თუმცა, მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმდა პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის მუხლებით.

2018 წლის 12 ივნისს რადიო მარნეულმა და სტუდია „მონიტორმა“ გაავრცელეს ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს. მათი ინფორმაციით, მარნეულელმა კაცმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, ეს კადრები კი ფეისბუკზე მესამე პირმა ატვირთა.

კადრებში, რომელიც მოგვიანებით სხვადასხვა ფეისბუკ-ჯგუფში გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს გინების გამო აღნიშნული მოქალაქე. გავრცელებულ ვიდეოში, ასევე, ჩანს, რომ მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”. სათემო რადიოს ინფორმაციით, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას უშუალოდ მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც ესწრებოდა. თუმცა აბაზოვმა უარყო ეს ცნობები და განაცხადა, რომ შემთხვევის შესახებ მან არაფერი იცოდა.

პროკურატურის თქმით, აბაზოვმა მოქალაქეს სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი აიძულა, ჭიქაში მოეშარდა და შარდით სახე მოებანა.


close დახურვა