საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა, რომელიც ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფების მხრიდან მუქარის სამიზნე გახდა, პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო. მანამდე, 22 მარტს პროკურატურამ ის დაზარალებულად ცნო.
"დამატებით, საიამ, რომელიც სამირა ბაირამოვას უფლებებს იცავს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოითხოვა მისი დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა. გამომდინარე იქედან, რომ იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის (დევნა) ნიშნები, საიამ ასევე, მოითხოვა გამოძიების ამ მიმართულებითაც წარმართვაც.
წარდგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. 4 აპრილს საია-ს ეცნობა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დაიკითხნენ მოწმეები და შესწავლილი იქნება საია-ს მიერ განცხადებაში მითითებული საკითხები. ასევე, პროკურატურამ სამირა ბაირამოვას მიმართ გამოიყენა დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დამნაშავე პირების გამოკვეთა და მათთვის ბრალის წარდგენა ამ დრომდე არ მომხდარა", - ნათქვამია განცხადებაში.
საია მოუწოდებს პროკურატურას, დროულად გამოავლინოს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი.
14 მარტს ბაირამოვამ ქალაქში ძალადობრივი ჯგუფის პარტიული ოფისის გახსნა გააპროტესტა და გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა. სწორედ ამას მოჰყვა ალტ-ინფოს მხრიდან, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის მუქარა. სამირა ბაირამოვას ალტ-ინფოს წევრები ეუბნებიან, რომ "თავს მოაჭრიან".
ალტ-ინფომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს 20 მარტს წითელი საღებავები შეასხა. პარტიის ოფისის კედლებზე იყო ბაირამოვას შეურაცხმყოფელი წარწერები. ამით ძალადობრივმა ჯგუფმა სამირა ბაირამოვას მიმართ პირველი მუქარა შეასრულა.
შსს-მ ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.