ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლინდა ცალკეული ფაქტები, რომლებიც შეეხება წილისყრის პროცედურის, ხმის მიცემისა და აგიტაციის წესების დარღვევას.
საიამ ამ დრომდე 6 შემთხვევაზე 8 საჩივარი მოამზადა:
- პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა, როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილია ქართული ოცნების სიმბოლიკა;
- ახალქალაქის N40 და ქუთაისის N90 უბნებზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები კანონდარღვევით გაანაწილეს;
- მარნეულის N59 უბანზე რეგისტრატორმა და გადასატანი ყუთის გამყოლმა თვითნებურად გადაცვალეს ფუნქციები. დამკვირვებელმა თავმჯდომარეს მოუწოდა ამ დარღვევის აღმოფხვრისკენ, მან უარი განაცხადა.
- გლდანის N92 უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენები ისე მოხია, რომ არ ჩანდა უბნის ნომერი და სახელწოდება, რაც გამოიწვევს ხმების დათვლისას ამ ბიულეტენების ბათილობას;
- ბათუმის N98 უბანზე ამომრჩეველს, რომელიც არ ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მარკირება გაუკეთეს.
საიაში აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილი გახდა ამომრჩევლის ნების კონტროლის მიმართულებით არსებული პრობლემები როგორც უბნის შიგნით, ისე პერიმეტრზე.
"რამდენიმე უბანზე მეორდება შემთხვევა, როდესაც ნაკადის მომწესრიგებლის უკან ქართული ოცნების წარმომადგენელი ინიშნავს მისული ამომრჩევლების მონაცემებს, ზოგ შემთხვევაში კი ნაკადის მომწესრიგებელი ხმამაღლა აცხადებს ამომრჩევლის სახელსა და გვარს", - ამბობენ ორგანიზაციაში.
საიას დამკვირვებლების მიერ საჭირო გახდა სამართალდამცავი უწყების გამოძახება რამდენიმე უბნის პერიმეტრზე ამომრჩევლის აღრიცხვისა და უკანონოდ განთავსებული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის მიზნით.
გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა აღრიცხეს შემთხვევები, რომლებიც ზეპირი ან წერილობითი შენიშვნის შემდეგ აღმოიფხვრა, კერძოდ: უბნის არასათანადო მოწყობა, უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა, ტექნიკური ხარვეზები ელექტრონული ხმის მიცემის დროს, ტექნიკური შეცდომა საკონტროლო ფურცლის შევსებისა და ყუთში მოთავსებისას, არა ორგანიზებული გარემო საარჩევნო უბანზე, კომისიის საქმიანობაში ჩარევა.