logo
ENG



საია: საკონსტიტუციომ 48 საათით ადმინისტრაციული დაკავება დისკრიმინაციულად მიიჩნია

29 დეკ 202020:11
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/29/0grsaa4e98sa0ws.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ, მათი საჩივრის საფუძველზე, არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანის დაკავების 12-საათიანი ვადა ემთხვეოდა სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავება გრძელდებოდა 48 საათის განმავლობაში.

მათი თქმით, პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ამ დროის მიღმა პერიოდი ითვლება არასამუშაო დროდ.

"სადავო ნორმის თანახმად, თუკი დაკავების პირველი 12 საათი ემთხვეოდა სამუშაო დროს, ასეთი პირის ადმინისტრაციული დაკავება არ შეიძლება გაგრძელდეს 12 საათზე მეტხანს, ხოლო თუკი პირის დაკავებიდან 12 საათი გადის სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავების ვადა გრძელდება 48 საათის (ორი დღე-ღამე) განმავლობაში.

მაგალითად, თუკი ადამიანი დააკავეს საღამოს 18 საათზე, ასეთი ადამიანის დაკავების 12 საათი დასრულდება მეორე დღის 06:00 საათზე, შესაბამისად, ასეთი პირი დაკავებული უნდა ყოფილიყო ორი დღის განმავლობაში, ვინაიდან დაკავების 12 საათი იწურებოდა იმ დროს, როცა სასამართლო არ ჰქონდა სამუშაო დრო (06:00 საათი სასამართლოსათვის არასამუშაო დროა). მეორე შემთხვევაში, თუ ადამიანი დააკავეს გამთენიისას 5 საათზე, ასეთი პირის დაკავებიდან 12 საათი გადის საღამოს 17:00 საათზე, როდესაც სასამართლო ჯერ კიდევ მუშაობს. ასეთი პირის ადმინისტრაციული დაკავება, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება გაგრძელდეს 12 საათზე მეტხანს და დაკავება უნდა დასრულდეს 17 საათზე", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

მათი თქმით, გასაჩივრებული ნორმა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა იმ პირებს, ვისი ადმინისტრაციული დაკავების 12 საათი გადიოდა არასამუშაო დროს. ასეთი პირები 2 დღით მეტს ატარებდნენ პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ვიდრე ის პირები, რომელთა ადმინისტრაციული დაკავების 12 საათიანი ვადა მთავრდებოდა სასამართლოს სამუშაო დროს.

მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ამგვარი განსხვავებული მოპყრობა გაუმართლებლად და შესაბამისად, დისკრიმინაციულად მიიჩნია. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმა, რომლითაც გათვალისწინებული იყო 48 საათით ადამიანის ადმინისტრაციული დაკავების შესაძლებლობა.

"საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მოიყვანა შემდეგი მაგალითი იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ იყო განსხვავებული მოპყრობა არაგონივრული: ადამიანი რომელიც დააკავეს 2020 წლის 29 დეკემბერს 23 საათზე, სასამართლოს წარედგინება და ადმინისტრაციული დაკავებიდან თავისუფლდება მეორე დღეს, 2020 წლის 30 დეკემბრის დილის 11 საათზე, ხოლო თუკი ადამიანი დააკავეს 5 საათით ადრე ანუ 2020 წლის 29 დეკემბრის 18 საათზე, ადმინისტრაციულ დაკავებაში იმყოფება ორი დღის განმავლობაში და სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მესამე დღეს, 2020 წლის 31 დეკემბერს საღამოს 18 საათამდე, უფრო გვიან, ვიდრე მასზე 5 საათით გვიან დაკავებული", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2021 წლის პირველ ივნისამდე, იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტმა დაადგინოს უფრო მცირე ადმინისტრაციული დაკავების ვადა იმ პირებისათვის, ვისი დაკავების 12 საათი იწურება სასამართლოს არასამუშაო დროს.


close დახურვა