logo
ENG



საია: სტრასბურგმა 5 ივლისის საქმეზე 16 ჟურნალისტის საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

18 იან 202311:16
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: მზია საგანელიძე/რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 5 ივლისს ძალადობის საქმეზე 16 ჟურნალისტის საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო. ახალგაზრდა იურისტთან ასოცია, რომელიც მედიის წარმომადგენლების სახელით მოქმედებს, აცხადებს, რომ განხილვა 17 იანვარს დაიწყო.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საჩივარი გასული წლის 4 ნოემბერს გაიგზავნა და არსებითი განხილვის ეტაპის გადაწყვეტა "სასამართლოს მიერ საკმაოდ შემჭიდროებულ დროში მოხდა".

საჩივარში საია დავობს, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 05 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ მომხდარზე შესაბამისი რეაგირება. კერძოდ, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 05 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით. ამასთან საჩივარში ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 05 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა. ამასთან, მომჩივნები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები არიან, დავობენ, რომ ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ არიან მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები და/ან ისინი ასოცირებულნი იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ლგბტ+ თემთან.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპულმა სასამართლომ საჩივარში სადავოდ გამხდარ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა სახელმწიფოს. კერძოდ, არსებითი განხილვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებთან დაკავშირებით დაიწყო.

ქვემოთ მოცემულია ის კითხვები, რომლებითაც სასამართლომ სახელმწიფოს მიმართა და პასუხის წარმოსადგენად ვადა 2023 წლის 09 მაისი განუსაზღვრა:

1. ამოწურეს თუ არა მომჩივნებმა ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები თავიანთ საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტი?

2. 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს, შეასრულეს თუ არა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები, მიეღოთ პრევენციული ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა განმცხადებლების დაცვას კერძო პირების თავდასხმებისგან? გაამწვავა თუ არა პრაიდის მარშთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებმა 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობა?

3. ჩაატარეს თუ არა კომპეტენტურმა შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება არასათანადო მოპყრობისა და პოლიციის დაცვის არარსებობის შესახებ მომჩივნების ბრალდებებზე, კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ვალდებულებების შესაბამისად, მათ შორის ძალადობრივი ინციდენტების სავარაუდო წამქეზებლებთან მიმართებაში?

4. იყო თუ არა წინამდებარე საქმეში გასაჩივრებული ძალადობრივი ქმედებები განმცხადებლების ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული? შეასრულა თუ არა მთავრობამ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული თავისი პოზიტიური ვალდებულებები, როგორც ეს განსაზღვრულია სასამართლოს მიერ (იხ. Uzeyir Jafarov v. Azerbaijan, no. 54204/08, § 68, 2015 წლის 29 იანვარი)?

5. მომჩივნების საჩივრების გათვალისწინებით, რომ თავდასხმა მოტივირებული იყო ლგბტ თემისა და მის მხარდამჭერებად დანახულ პირთა მიმართ სიძულვილით, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც იკითხება კონვენციის მე-3 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში?

6. ხელი მიუწვდებოდათ თუ არა მომჩივნებს ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებისთვის თავიანთ საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-13 მუხლი?


close დახურვა