logo
ENG



საია: უბნებთან შეინიშნება საეჭვო პირთა მობილიზება, ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს

31 ოქტ 202018:34
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის სულხან სალაძის ინფორმაციით, 18:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებთან საეჭვო პირთა მობილიზება შეინიშნება.

როგორც სალაძემ აღნიშნა, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, რაც მისივე თქმით, ხელს უშლის და საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

ამ ეტაპზე საია-ს დამკვირვებლების მიერ დაიწერა ჯამში 64 საჩივარი. აქედან 37 უბნის, ხოლო 27 ოლქის დონეზე.

საია-ს მიერ 14:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები ასეთია:

დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლის ფაქტები

  • სამტრედიაში, 51-ე და თელავის მე-5 უბანზე საიას დამკვირვებლები უსაფუძვლოდ გამოაძევეს უბნიდან და არ მიეცათ მათ დაკვირვების შესაძლებლობა. ორივე შემთხვევაში დაწერილია საჩივრები.
  • სამტრედიაში 95-ე უბანზე საია-ს დამკვირვებელს არ მიეცა საშუალება გაცნობოდა ჩანაწერთა წიგნში არსებულ ინფორმაციას და შენიშვნა დაეფიქსირებინა მასში. საია-მ ამ ფაქტზე საჩივარი დაწერა როგორც უბნის, ასევე ოლქის დონეზე.

ამომრჩევლის ნების კონტროლის შემთხვევები

  • საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში ნომერ 42-ე უბანზე გრძელდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები. ერთი და იგივე პირი, რომელიც დაფიქსირებულია წინა განცხადებაში, ამომრჩევლებთან ერთად შედის კაბინაში და აძლევს ხმას მათ ნაცვლად. 
  • დმანისის მე-19 უბანზე ამომრჩევლები შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდნენ დამკვირვებლებს. მსგავსი ტიპის შემთხვევები გვქონდა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებშიც. ეს დამკვირვებლები ამ ინფორმაციის აღრიცხვას აწარმოებდნენ შემდეგში.
  • დუშეთში მე-9 უბანზე ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი ინიშნავს მოსული ამომრჩევლების მონაცემებს.
  • გლდანის 79-ე და 84-ე უბნებში გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩევლის ნების კონტროლის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ კოორდინატორებს უზრუნველყონ წინასწარ განსაზღვრული პირების მიყვანა საარჩევნო უბანში.
  • რუსთავის 74-ე და 75-ე უბნებზე ასევე მობილიზებული არიან კოორდინატორები, რომლებიც ახდენენ მოსული ამომრჩევლის იდენტიფიცირებას.

               მარკირებისა და ხმის მიცემის წესების დარღვევა

  • მარნეულის მე-7 უბანზე, მარკირებული ამომრჩეველი მეორედ შევიდა უბანზე და მისცა ხმა.

ფარულობის პრინციპის დარღვევა

  • მარნეულის მე-10 უბანზე კაბინები იმგვარად არის განლაგებული, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დაფიქსირება.

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა

  • ბაღდათის №2, თეთრიწყაროს №21 და გლდანის №80 უბნებზე ამომრჩეველს ნება დართეს, ხმა არასათანადო დოკუმენტაციით, კერძოდ, მართვის მოწმობით მიეცა.

ძალადობის შემთხვევები საარჩევნო უბანზე

  • გლდანის ოლქის N79 საარჩევნო უბანთან „პუბლიკის“ ჟურნალისტს უბნის პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა. აღსანიშნავია, რომ ის მედიის სხვა წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდა და მათი მისამართით საჯაროდ იგინებოდა. ამავე უბანთან დაპირისპირების დროს სახის არეში დაზიანება მიიღო „TV პირველის“ ჟურნალისტმა ანა ახალაიამაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ნივთის დაზიანების (სსკ-ის 187-ე მუხლი) კვალიფიკაციით, რაც წარმოადგენს არასრულყოფილ კვალიფიკაციას. გამოძიება უნდა დაწყებულიყო სსკ-ის 126-ე (ძალადობა) და 154-ე მუხლებითაც (ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა). საია მოუწოდებს შსს-ს, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებისას;
  • ამავე ტერიტორიაზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დამკვირვებლები. როგორც საია-სთვის ცნობილი გახდა, დაპირისპირების ერთ მხარეს, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები იყვნენ, ხოლო მეორე მხარეს - დამკვირვებლები, რომელთა ვინაობაც ორგანიზაციისთვის უცნობია და რომლებსაც აიძულებდნენ, დაეტოვებინათ ტერიტორია და თავიანთი საქმიანობა შეეწყვიტათ. მოძალადეები დამკვირვებლებს იხსენიებდნენ, როგორც „ნაციონალებს“ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. იმავდროულად, იქ მყოფები აღნიშნავდნენ, რომ ინციდენტისას ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას. შესაბამისად, საია მიმართავს შსს-ს, დროულად აღკვეთოს და გამოიძიოს ეს ფაქტი, რომელშიც, სავარაუდოდ, იკვეთება სისხლის სამართლის 1621-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანტინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა), ასევე, 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).

ფოტო-ვიდეო გადაღების დარღვევა

  • მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები აგრძელებენ ამომრჩევლებისთვის სურათების გადაღებას ახლო დისტანციიდან. ფოტოგადაღება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანირება და პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავება.

სხვა პროცედურული დარღვევები

  • დაფიქსირდა საარჩევნო ბიულეტენების გაცემის და ყუთში მოთავსების წესის დარღვევა. ხულოს №2 უბანში მოქალაქეს მისცეს ერთი და იგივე სახის ორი ბიულეტენი; საჩხერის №9უბანზე ამომრჩეველს ყუთის ზედამხედველმა საშუალება მისცა, ბიულეტენი საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის გარეშე მოეთავსებინა. 

close დახურვა