logo
ENG



საია: წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური შეხედულების გამო, 3 საჯარო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს

18 სექ 202412:37
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა 4 საქმე, სადაც პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება იკვეთება. 

ორგანიზაციის ცნობით, იდენტიფიცირებული 4 შემთხვევიდან 3 შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებიც სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე ან რუსულ კანონთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს.

"კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არჩევა ხდება შესაბამისი კონკურსის საფუძველზე, სპეციალურ კომისიასთან გასაუბრებით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო იღებს. იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭო ვერ ახერხებს დირექტორის არჩევას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს აქვს უფლებამოსილება, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თავად დანიშნოს დირექტორი.

მოქმედმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, ერთ-ერთი ბოლო კონკურსის გამოცხადების წინ, 2023 წლის დეკემბერში აღნიშნა, რომ იგი დისკრეციულ უფლებამოსილებას ამჯერად არ გამოიყენებდა და სამინისტროს „გემოვნებას თავს არ მოახვევდა“ სკოლებს. დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იქნებოდა გამოყენებული" - ნათქვამია განცხადებაში. 

საიას ცნობით, შესწავლილი საქმეებიდან ორ შემთხვევაში, სკოლების დირექტორების მოვალეობის შემსრულებლები მონაწილეობდნენ 2024 წელს გამოცხადებულ კონკურსში, თუმცა, კონკურსის ეტაპზე კომისიაზე გასაუბრების შემდგომ, მათი კანდიდატურები არ წარედგინა სამეურვეო საბჭოებს.

"საყურადღებოა, რომ მათ პოზიციებზე განმწესებულმა ახალმა დირექტორობის კანდიდატებმაც ვერ მოიპოვეს სკოლების სამეურვეო საბჭოების მხარდაჭერა. შესაბამისად, ძველი დირექტორები აგრძელებდნენ დირექტორის უფლებამოსილებებს. 2024 წლის აგვისტოში, სამივე მათგანი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან და მათ ნაცვლად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით, დანიშნა ახალი დირექტორები. სამივე გათავისუფლებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, პოზიციიდან დათხოვნის რეალური მიზეზი ქართული ოცნებისთვის მიუღებელი მათი შეხედულებები იყო"- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით,მათ მიერ შესწავლილი მეოთხე შემთხვევა შეეხება სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებიდან 1 პირის გათავისუფლებას.  

"მოცემულ შემთხვევაში, გათავისუფლებული პირის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ მას მოსთხოვა სამუშაო პროგრამიდან იმ ნაწილის ამოღება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობდა. ამის შემდეგ, როგორც თავად აღნიშნავს, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, მას პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებების დაწერა "ურჩია".

ამავე საუბრის დროს მან ყურადღება გაამახვილა მის პოლიტიკურ მოსაზრებებზე, სააგენტოში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, სოციალურ ქსელში გაზიარებულ კრიტიკულ პოსტებზე და სხვა პირების პოსტებზე მის რეაქციებზე. მან არ დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, რის შემდგომაც ის რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან. პირის გათავისუფლება მისი კრიტიკული მოსაზრებების ფონზე, და როდესაც მისი თქმით, რეორგანიზაციის კადრების შემცირება არ მოჰყოლია, ასევე, პოზიცია არ გაუქმებულა და მოხელის კომპეტენციაც ეჭვქვეშ არ დამდგარა, საფუძვლიან ეჭვებს აჩენს განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. ამ საქმეზე დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით საიას მიმართული აქვს შესაბამისი დაწესებულებებისათვის"- ნათქვამია განცხადებაში. 

საიაში აცხადებენ, რომ მ დროისათვის ხელმისაწვდომ მასალებზე დაყრდნობით, ოთხივე შემთხვევაში გათავისუფლებული პირები გამოირჩეოდნენ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული მოსაზრებებით.

"წინასაარჩევნო პერიოდში, სკოლის დირექტორების და სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებიდან თანამშრომლის გათავისუფლება, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ პოლიტიკური ერთგულების დაუდასტურებლობის გამო, სავარაუდოდ, პოლიტიკური/განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე განხორციელდა. პირის სამსახურიდან გათავისუფლება დაუსაბუთებლად, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების გამო, აკრძალულია. მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე.

დამატებით, საიას სადამკვირვებლო მისია აგრძელებს სამსახურიდან პოლიტიკური/განსხვავებული შეხედულებების ნიშნით გათავისუფლების 2 სხვა ფაქტის შესწავლის პროცესს, რომლის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა