logo
ENG



საია: წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ გაუმართლებელია

09 ნოე 202008:37
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/09/roilk0mscohw7fm.png

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკო-ს წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ გაუმართლებელია.

საია-ში განმარტავენ, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი გაფრთხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია. პოლიცია უნდა შეეცადოს, მიყენებული ზიანი იყოს მინიმალური და თანაზომიერი.

საია მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.

"ღრმად გვწამს, რომ პოლიტიკური კრიზისები ძალის გამოყენებით არ უნდა წყდებოდეს, არამედ კონსენსუსით და შეთანხმებით. კრიზისების მართვა, რთულ ვითარებაში გამოსავლის ძიება და საზოგადოებაზე ზრუნვა პოლიტიკოსების მთავარი დანიშნულებაა, ხელისუფლებას კი ამ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება", - წერია საია-ს განცხადებაში.

ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტები თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. 

პოლიტიკური ლიდერებისა და პარლამენტის აქციიდან მომავალი დანარჩენი მომიტინგეების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს. მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ სხვადასხვა ტელევიზიის, მათ შორის, ფორმულას ჟურნალისტებიც. 

თვითმხილველების მტკიცებით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ. 

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტების მხრიდან "მყისიერი თავდასხმა" ხორციელდებოდა, ამიტომ, მისი თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებამდე მომიტინგეთა გაფრთხილებას სამართალდამცველები ვერ მოასწრებდნენ. 

მდინარაძის შეფასების საწინააღმდეგოდ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, ცივ კლიმატურ პირობებში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მიშვება ძალიან სასტიკი ზომაა. 

დარბეულ ოპოზიციას მკაცრად დასჯით დაემუქრა პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები შტურმის მოწყობას ცდილობდნენ. 

"შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს", - განაცხადა კობახიძემ მომიტინგეთა დარბევის პარალელურად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. 

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ დღეს, 9 ნოემბერს 18:00 საათზე აქციას გამართავს. ისინი ცესკო-სთან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას გააპროტესტებენ. გარდა ამისა, კვლავ გააჟღერებენ 3 მთავარ მოთხოვნას - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გადადგეს თამარ ჟვანია და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. 

აღსანიშნავია, რომ დღეიდან, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. 


close დახურვა