logo
ENG



საია და ეკა კიკნაძე ეროვნულ მუზეუმში მკვლევართა დაშვების წესს საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

22 ივნ 202214:09
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაცია ეკატერინე კიკნაძის სახელით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საია ეროვნულ მუზეუმში მკვლევართა დაშვების წესს ასაჩივრებს.

მას შემდეგ რაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, ეროვნული მუზეუმის სამუზეუმო ფონდებში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის დაინტერესებულ პირთა დაშვება შესაძლებელია მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილებით, რომელიც უნდა ეცნობოს სამინისტროს.

რუსთაველის ფონდში მოპოვებული გრანტის მიუხედავად კიკნაძეს სამეცნიერო კვლევა ამ დრომდე ეზღუდება. მას ამ დრომდე არც იმ წერილზე მიუღია პასუხი, რომელიც მუზუემის დირექტორატის სახელზე გაგზავნა და კვლევისთვის  ფონდებში დაშვება ითხოვა.

"სადავო ნორმა ეროვნული მუზეუმის დირექტორატს ანიჭებს მკვლევართა მუზეუმში დაშვების გადაწყვეტის უფლებამოსილებას, თუმცა არ განსაზღვრავს რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. მსგავსი სახელმძღვანელო კრიტერიუმები არ არის განსაზღვრული არც სხვა საკანონმდებლო აქტებით. საია-ს პოზიციით, ასეთ შემთხვევაში დირექტორატის უფლებამოსილება არის შეუზღუდავი, რაც წარმოშობს მისი მკვლევრების საწინააღმდეგოდ ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას", - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საია ითხოვს გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლითაც დაცულია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება.


close დახურვა