"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პარლამენტის წინ საპროტესტო კარვების აღებას განცხაებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება საზოგადოებრივ პროტესტს მოსახლეობასთან დიალოგის ნაცვლად, ყოველთვის ძალის დემონსტრირების მეშვეობით პასუხობს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არასერიოზულია ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც შვილმკვდარი მშობლები და დემონსტრანტები აპროტესტებენ ახალგაზრდების გარდაცვალებას, ითხოვენ ობიექტურ, მიუკერძოებელ და დროულ გამოძიებას, ხელისუფლება საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟების მიზნით ასუფთავებს ტერიტორიას.
„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„31 დეკემბერს ღამის საათებში, მერიის დასუფთავების თანამშრომლებმა და სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ, ტროტუარზე განთავსებული კარვებისგან ტერიტორია გაწმინდეს და მათ ნაცვლად საბავშვო ატრაქციონები განათავსეს.
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-111 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ,,დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.“ ეს ნორმა კრძალავს კარვის, სხვაგვარი კონსტრუქციის ან საგნის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე განთავსებას, რაც გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას. კანონი არ კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას კარვის ტროტუარზე ანუ ფეხით მოსიარულეთა ადგილზე განთავსებას. ტროტუარზე კარვის დადგმის მეშვეობით პროტესტის გამოხატვა, არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, არამედ წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელ ნაწილს.
"საბავშვო ატრაქციონის დამონტაჟების მიზნით, ტროტუარზე განთავსებული კარვების და აქციის სხვა ატრიბუტებისგან ტერიტორიის გაწმენდა არ წარმოადგენს შეკრების უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს, არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ უშიშროებას და წესრიგს. აღსანიშნავია, რომ მერიას საჯაროდ არ განუცხადებია, რომ უშუალოდ პარლამენტის წინ იგეგმებოდა საბავშვო ატრაქციონების განთავსება, გაწმენდითი სამუშაოები ისე დაიწყეს, რომ მერიას არ ჰქონდა სათანადო კომუნიკაცია დემონსტრაციის ორგანიზატორებთან.
"საია წუხილს გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება საზოგადოებრივ პროტესტს მოსახლეობასთან დიალოგის ნაცვლად, ყოველთვის ძალის დემონსტრირების მეშვეობით პასუხობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, არასერიოზულია ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც შვილმკვდარი მშობლები და დემონსტრანტები აპროტესტებენ ახალგაზრდების გარდაცვალებას, ითხოვენ ობიექტურ, მიუკერძოებელ და დროულ გამოძიებას, ხელისუფლება საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟების მიზნით ასუფთავებს ტერიტორიას“, - ნათქვამია განცხადებაში.
გვიან ღამით, მალხაზ მაჩლიკაშვილის მიერ დადგმული კარავი „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა აიღეს. აღნიშნული ფაქტი სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან მათი დაკავება მოჰყვა.
მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, დღეს, 31 დეკემბერს რუსთაველზე კარავს გაშლის.
"სოლიდარობა უსამართლობასთან მებრძოლებს, ქვეყანას არ ეზეიმება", - ამ ლოზუნგით დღეს, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები 'ფეისბუქზე" წერენ, მაშინ, როცა უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ და აპატიმრებენ, როცა მათ ოჯახებს ამწარებენ, მათ არ ეზეიმებათ.
31 დეკემბერს პარლამენტის წინ ღამით განვითარებულ მოვლენებს ასევე ეხმაურება "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)" და აცხადებს, რომ მერიის ქმედება უხეშად არღვევს აქციის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და მძიმე დარღვევის ფაქტების გადაფარვის და არაღიარების კიდევ ერთი ცინიკური მცდელობაა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციისაას, საკუთარ სახლში სასიკვდილოდ დაჭრეს თემირლან მაჩალიკაშვილი. ის გონზე მოუსვლელად, 10 იანვარს გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლანს ესროლეს მაშინ, როდესაც ის ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. საგამოძიებო უწყება თემირლანს ახმედ ჩატაევის დაჯგუფებასთან კავშირსა და მათ დახმარებას ედავებოდა.
თემირლანის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო. მალხაზ მაჩალიკაშვილს რუსთაველის გამზირზე უკვე რამდენიმე თვეა კარავი ქონდა გაშლილი. შვილმკვდარი მამის განცხადებით, ის მანამდე იქნება კარავში, სანამ მისი შვილის უდანაშაულობას არ დაამტკიცებს.