საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტივისტ ნიკო მანაგაძის ცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საიას განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსული კანონის ინიცირების დღიდან კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებისა და სტუდენტების მიმართ ძალადობამ რეგულარული ხასიათი მიიღო.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჩაატარონ ეფექტური გამოძიება და ამასთანავე, ხვალ, თსუ-ს მეორე კორპუსთან დაანონსებულ აქციაზე მიიღოს შესაბამისი ზომები აქტივისტთა მშვიდობიანი გამოხატვის უფლებების დასაცავად.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"მოძრაობა "თავისუფლებისთვის" წევრ ნიკო მანაგაძეს, რომელმაც 8 ივნისს ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად დაანონსა საპროტესტო აქცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფურად დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
რუსული კანონის ინიცირებიდან დღემდე თითქმის ყოველდღიურობად იქცა კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების და სტუდენტების განსხვავებული აზრის გამო დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება.