logo
ENG



საია შეზღუდვების გაგრძელებაზე: არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტს

15 ივლ 202012:45
3 წუთის საკითხავი
clock 419
y339z3w0sibkvoa.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავრობის მიერ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობისთვის კანონპროექტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტს და ზემოაღნიშნული შეზღუდვები უნდა მოხდეს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

საია უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება 2021 წლის პირველ იანვრამდე, შეზღუდოს უფლებები კანონქვემდებარე აქტებით. 

„მიგვაჩნია, რომ მართალია, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციების მიღება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა საქართველოს მთავრობისთვის კანონპროექტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტს და ზემოაღნიშნული შეზღუდვები უნდა მოხდეს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის პირდაპირ მოითხოვს, რომ აღნიშნული მოხდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შრომის უფლების შეზღუდვა კი დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით. როგორც საქართველოს კონსტიტუციით დაწესებული უფლების შეზღუდვის ზღვარი, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტი მოითხოვს, რომ უფლების შეზღუდვა მოხდეს კანონის შესაბამისად, ისეთი იურიდიული დოკუმენტით, რომელიც მიღებულია მაღალი ლეგიტიმაციითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ამ შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ასეთ დოკუმენტს ვერ წარმოადგენს. 

საია უარყოფითად აფასებდა, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ შემოღებულ რეგულაციებს, რომლის გაგრძელებაც მოხდა 2021 წლის 1 იანვრამდე. სწორედ ამიტომ 15 ივლისამდე დაწესებული რეგულაციები საია-მ გაასაჩივრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც საქმე არსებითად განსახილველად მიიღიო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ პარლამენტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარეშე, მხარი დაუჭირა. 

მიღებული ცვლილებების მიხედვით დაწესებული შეზღუდვები 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლამდე გახანგრძლივდება.


close დახურვა