საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უარყოფითად აფასებს ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებას.
ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პროცესების სანდოობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კენჭისყრის ყველა ეტაპზე საზოგადოების სათანადო ინფორმირებულობას. ამის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციას ეკისრება.
საია ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება უკმაყოფილება და უნდობლობა.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების შესახებ დროული და მაქსიმალურად სრული მონაცემების გავრცელება. ამის გათვალისწინებით, კანონის შესაბამისად, ცესკო ვალდებულია საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული შედეგები განათავსოს ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი გაცნობა.
სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება, რის გამოც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესმა მოქალაქეებში კითხვის ნიშნები და მანიპულაციის განცდა გააჩინა. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელი ოქმების საკუთარ ვებგვერდზე ოპერატიულ განთავსებას უზრუნველყოფდეს". - აცხადებს საია.
საარჩევნო უბნები გუშინ, 31 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიხურა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1-ლი ნოემბრის 7:50 საათისთვის მონაცემების 52% აქვს დათვლილი და შეჯამებული.
ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზეც ლაპარაკობს და დღეს, 16:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აციებს გეგმავს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.