logo
ENG



საია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობისა და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებზე ანგარიშს აქვეყნებს

30 სექ 202416:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/30/1q8wzsqzvqyuz0f.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას და აქვეყნებს მორიგ ანგარიშს და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებასთან ერთად მოიმატა ძალადობის, სიტყვიერი დაპირისპირებისა და კამპანიაში ხელისშეშლის ფაქტებმა.

ორგანიზაციამ მონიტორინგის ფარგლებში 9 ინციდენტი შეაფასა, რომლიდანაც განცხადების თანახმად, 4 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობას წარმოადგენს, 2 - სხვისი ნივთის სავარაუდო დაზიანებას, 3 - კამპანიაში/აქტივიზმში სავარაუდო ხელშეშლას. იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან 6 სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ, 2 - ქართული ოცნების წარმომადგენლის, 1 კი - პლატფორმა აირჩიე ევროპას წინააღმდეგ განხორციელდა.

ანგარიშში მოხვდა 2024 წლის პირველი აგვისტოდან - 2024 წლის 25 სექტემბრის პერიოდში მომხდარი შემთხვევები. ორგანიზაციამ გამოავლინა შემდეგი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ინციდენტები:

1. პარტია „ახალის" თანათავმჯდომარეს, ნიკა მელიას 11 აგვისტოს თავს დაესხნენ. ის სამტრედიაში ოფისის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მას ახალგაზრდა მამაკაცმა სახის არეში ხელი დაარტყა და შეაგინა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი საბა ნიკოლეიშვილია, რომელიც, ადგილობრივების თქმით, „ქართული ოცნების” მხარდამჭერია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე, რაც ძალადობას გულისხმობს. 2024 წლის 27 აგვისტოს საიამ შსს-ს მიმართა და ამ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა. უწყების მიერ გამოგზავნილი პასუხის მიხედვით, ამ დროისათვის კონკრეტული პირის იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

2. 8 სექტემბერს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქარელში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც მათ თავს დაესხნენ. კოალიციის წარმომადგენლის, გრიგოლ გეგელიას, თქმით, ინციდენტი ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო, ხოლო შემდეგ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. კოალიციის განცხადებით, მათთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც. პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მართალია ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. საიას მოსაზრებით, ეს შემთხვევები, შესაძლოა შეიცავდეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ნიშნებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

3. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის, განცხადებით, 19 სექტემბერს ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ. მისი თქმით, ძალადობა რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თავად დეპუტატს. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაზარალდა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრი, ბექა ფარცვანია, რომელიც მათთან ერთად იმყოფებოდა და მონაწილეობდა კამპანიაში. მედიის მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, როგორ აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას ანა წითლიძეს. ასევე, ჩანს ფიზიკური დაპირისპირების კადრები. ფაქტს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატი. მან ჯერ განცხადება გაავრცელა სოციალურ მედიაში, შემდგომ კი ბრიფინგი ჩანიშნა. მისი განმარტებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა იქ შეკრებილ დევნილებს მიაყენეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც, საიასთვის გახდა ცნობილი, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე.

4. 16 სექტემბერს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პოლიციამ პარტიის წევრზე იძალადა. ენმ-ს განცხადებით, ზურაბ აბაევი სასტიკად იყო ნაცემი. ადვოკატისა და თვითმხილველების თქმით, პოლიციამ ჯერ აბაევი სცემა, შემდეგ დააკავა. მოგვიანებით, დაზიანებების გამო, იგი პოლიციის განყოფილებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პარტიის წევრი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც აბაევმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. შედეგად, იგი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ამის საპირისპიროდ, დაკავებულის უფლებათა დამცველი და თვითმხილველები აცხადებენ, რომ მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაპირისპირება კი პოლიციელების მხრიდან დაზარალებულისთვის ფოტოების გადაღების გამო დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში შედგენილ ფორმა 100-ში წერია, რომ დაკავებულს აქვს ტვინის შერყევა, ასევე ფილტვების დაზიანებები. დაზარალებულის ადვოკატი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისთვის. აღნიშნული ქმედება შეიძლება შეიცავდეს პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებს. საიამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან ფაქტზე რეაგირების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა შესაბამის სამსახურს. ორგანიზაციას ჯერ პასუხი არ მიუღია.

5. 2024 წლის 3 აგვისტოს პარტია „საქართველოსთვის” ქალაქ ბათუმში მართავდა ამომრჩევლებთან შეხვედრას, რა დროსაც პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა.  გავრცელებული ინფორმაციით, ეს პიროვნება მანუჩარ რიჟვაძე იყო, „ქართული ოცნების” აქტივისტი, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ნათესავი. დაპირისპირების მხოლოდ ვერბალური ხასიათის მიუხედავად, შეიქმნა ერთგვარი მტრული გარემო, რამაც შეხვედრის თავისუფლად ჩატარებას ხელი შეუშალა. გავრცელებული ინფორმაციით, მანუჩარ რიჟვაძის თანმხლები პირები აგრეთვე იყვნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები და „ოცნების” კოორდინატორები. ესენი არიან: ნუგზარ ინაიშვილი - ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი („ოცნების” ზონის კოორდინატორი), ზურაბ მალაზონია - ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი („ოცნების” უბნის კოორდინატორი), გაბი კამაევი - ბათუმის საკრებულოს „ოცნების” ფრაქციის სპეციალისტი („ოცნების” აქტივისტი).რიჟვაძის თანმხლებმა პირებმა ვერბალური ფორმით შექმნეს დაძაბული გარემო და დაუპირისპირდნენ იქ შეკრებილ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მხარდამჭერებს.

საია-ს ანგარიში სრულად

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ ამომრჩეველთან შეხვედრისა და საკუთარი აქტივობების მშვიდ და არაძალადობრივ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა, ასევე ფიზიკური უსაფრთხოების განცდა.

"სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკუთარი აქტივობების მშვიდ და არაძალადობრივ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა, ასევე ფიზიკური უსაფრთხოების განცდა. [...]

მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ეფექტიანად მოხდეს სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების გამოძიება. გაჭიანურებული გამოძიება გააუარესებს საარჩევნო გარემოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ცალკეულ ეპიზოდებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ფიგურირებენ.

არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება ქვეყნისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები და რეგულარულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. თავის მხრივ, პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების კამპანიურ ღონისძიებებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია და აგიტაციის პროცესში ხელშეშლა", - აცხადებენ საია-ში. 


close დახურვა