ფორმულას კითხვის პასუხად, თუ რატომ დაჭრეს მისი თანამოაზრე, რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრი ალექსანდრე საკანდელიძე მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი რაგბიდან კლანის მოშორების მტკივნეულ პროცესს უკავშირდება.
საკანდელიძის თქმით, პრობლემების ხმაურის გარეშე მოგვარება შეუძლებელი გახდა.
"ახლა მიდის რაგბიდან კლანის მოშორების მტკივნეული პროცესი. ეს 5 წლის წინ გვქონდა დაწყებული, მაგრამ გვინდოდა გარეთ არ გამოსულიყო. თუმცა მერე ისეთი შედეგები მივიღეთ, რომ ამის გარეთ გამოტანა მოგვიწია. შიგნიდან რამის გაკეთება შეუძლებელია", - განაცხადა საკანდელიძემ.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც საინიციატივო ჯგუფის წევრები რაგბის კავშირში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრებენ.
რაგბის კავშირში ერთი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაცია ფორმულას რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირში შიდა კონფლიქტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. დაპირისპირება 2020 წლის აგვისტოში გამწვავდა.
რაგბის კავშირის შემადგენლობაში მყოფი 31 კლუბი პრემიერმინისტრთან შეხვედრასა და ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას მოითხოვდა.
მორაგბეები და კლუბების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კლუბებისთვის დაფინანსება ბიუჯეტიდანაც არის გამოყოფილი, ასევე სპონსორებიც არსებობენ, თუმცა ეს თანხები ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ამ სპორტის სახეობას აქვს.
ერთერთი, ვინც კრიზისზე საუბრობდა და პრობლემების მოგვარებას ითხოვდა, რამაზ ხარაზიშვილი იყო. ის აგვისტოში ღიად, მედიით აკრიტიკებდა რაგბის კავშირს.
ამის პარალელურად, პრემიერი გიორგი გახარია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე ქართულ რაგბიში არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ ქართუს მეშვეობით, ქართული რაგბი წარმატებით ვითარდება.