„ეს არის პირდაპირ გამოხატულება საკადრო რესურსის დეფიციტის და განახლების უნარის არქონის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, მმართველი გუნდის საზოგადოების წინაშე ისევ ძველი მესიჯით წარდგა, წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და ამავდროულად, სიაში შეიყვანა ის პოლიტიკოსები, რომლებიც წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები იყვნენ. დეპუტატმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება.
„დღეს ჩვენ ვნახეთ კანდიდატები, რომლებიც, ერთის მხრივ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის არიან პირდაპირ შერჩეული - გუბერნატორები, მერი, ეს ზუსტად ამას ნიშნავს. მეორე მხრივ, ქართული ოცნების მთავარი გზავნილი ისევ ძველი მესიჯია, რომ „წარსული თუ ჩვენ“ და ამ დროს ვნახეთ ბევრი ისეთი კანდიდატი, რომლებიც სწორედ წინა ხელისუფლების დეპუტატებიც იყვნენ. რამდენიმეს მიმართ ნეიტრალური განწყობა მაქვს, თუმცა მთლიანობაში, ეს არის პირდაპირ გამოხატულება საკადრო რესურსის დეფიციტის, განახლების უნარის არქონის და ძალიან ცუდად ჩანდა ისიც, რომ 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი იყო წარდგენილი. ესეც არის ქართული ოცნების ძალიან ცუდი მახასიათებელი, რაც აჩენს დამოკიდებულებას, რომელიც მათ აქვთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა დღეს თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.