რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრის, სანდრო საკანდელიძის თქმით, დაჭრილი მორაგბის, რამაზ ხარაზიშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
"ოპერაცია ჩაუტარდა რამაზს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება". - თქვა საკანდელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ხარაზიშვილი დღეს, 16 სექტემბერს, რაგბის კავშირის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ჯერჯერობით უცნობია დეტალები, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი, რომელსაც დაჭრა მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს 118-ე და 236-ე მუხლებით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
რაგბის კავშირში შიდა კონფლიქტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. დაპირისპირება 2020 წლის აგვისტოში გამწვავდა.
რაგბის კავშირის შემადგენლობაში მყოფი 31 კლუბი პრემიერმინისტრთან შეხვედრასა და ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას მოითხოვდა.
მორაგბეები და კლუბების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კლუბებისთვის დაფინანსება ბიუჯეტიდანაც არის გამოყოფილი, ასევე სპონსორებიც არსებობენ, თუმცა ეს თანხები ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ამ სპორტის სახეობას აქვს.
ერთ-ერთი, ვინც კრიზისზე აქტიურად ლაპარაკობდა და პრობლემების მოგვარებას ითხოვდა, რამაზ ხარაზიშვილი იყო. ის აგვისტოში ღიად, მედიით აკრიტიკებდა რაგბის კავშირს.
პარალელურად, პრემიერი გიორგი გახარია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე ქართულ რაგბიში არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ ქართუს მეშვეობით, ქართული რაგბი წარმატებით ვითარდება.