logo
ENG



"დიდია უსამართლობის განცდა" - სერტიფიცირებულ დირექტორთა ჯგუფი მინისტრს მიმართავს

09 ოქტ 202314:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/09/yg1rf3p9ear87pr.jpg

სერტიფიცირებულ დირექტორთა საინიციატივო ჯგუფი განათლების მინისტრს გიორგი ამილახვარს მიმართავს. განცხადებაში, რომელსაც ჯგუფის 6 წევრი აწერს ხელს ნათქვამია, რომ საჯარო სკოლებისთვის დირექტორების წარდგენაზე სამინისტროს გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება და მწვავე უკმაყოფილების განცდა გააჩინა.

განცხადების ავტორები მინისტრისადმი მიმართვაში წერენ, რომ არსებობს ეჭვები კანდიდატების პარტიული ნიშნით შერჩევისა და შესაძლო დანიშვნის შესახებ.

"სოციალურ ქსელებში საუბარი მიდის იმაზეც რომ კანდიდატები შეირჩნენ პარტიული ნიშნით და რომ საკმარისი არ იყო ზეპარტიულობა ან არცერთი პარტიის წევრობა და საჭირო იყო მმართველი წევრობა. რომ, წარდგენილი და დატოვებული დირექტორები იქნებიან "პარტიული საარჩევნო შტაბების უფროსები" და ა.შ. არადა, ერთ-ერთ შეხვედრაზე გვითხარით, პარტიულ მიკუთვნებულობას ჩემთვის აზრი არ აქვსო.

ამ უკმაყოფილებისა და მზარდი დაძაბულობის პირობებში უდავოდ ყურადსაღებია ერთი გარემოება: "დაწუნებულთა კასტაში", ანუ დირექტორებში არის ასეთი განცდა და ამ ეტაპზე ჩვენც ამ პოზიციაზე ვართ, და გვაქვს დიდი იმედი, რომ რაც მოხდა, აქედან ბევრი რამ თქვენი გვერდის ავლით მოხდა; რომ მავანნი შეირჩა "მფარველი" ზემდგომების დახმარებით და ეს ინფორმაცია თქვენამდე არ მოდის. ეს განცდა არის ერთგვარი ნათელი წერტილი, რომ დაინტერესდებით, ფაქტობრივად ხელოვნურად შექმნილი პრობლემის მოგვარებით. ხელოვნურად შექმნილია, რადგან გაუგებარია, რატომ უნდა დაგჭირვებოდათ სამინისტროს იმიჯის შემლახავი ნაბიჯის გადადგმა", - ნათქვამია განცხადებაში.

დირექტორებმა უკმაყოფილება მას შემდეგ გამოთქვეს, რაც 5 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც დირექტორთა არჩევნები გაიმართება. გარდა ამისა, გამოქვეყნდა სამეურვეო საბჭოებისთვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების სიაც. განათლების სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, სკოლების უმეტესობაში თითო-თითო კანდიდატია წარდგენილი, აქედან გამომდინარე, საბჭოებს არ ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა.


close დახურვა