logo
ENG



საკანში ფარული ჩანაწერები სასამართლოს ნებართვით ჩატარდა - პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე

05 სექ 202022:12
3 წუთის საკითხავი
 
06wjw7irja9rmzs.png

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა. 

უწყების ცნობით, ჩანაწერები საქმეს ერთვის და გასაიდუმლოების შემდეგ მასალები დაცვის მხარესაც უკვე გადასცეს.

"საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნების ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალა, მტკიცებულების სახით ერთვის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეს.

ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განსაიდუმლოების შემდეგ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა მხოლოდ დაცვის მხარეს. აღნიშნული ჩანაწერების წარმომავლობასთან დაკავშირებით ყველა სხვა სახის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სიმართლეს",-  ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, 5 სექტემბერს ტვ პირველმა გაავრცელა კადრები, რომლებიც, ტელევიზიის მტკიცებით, გლდანის ციხეშია გადაღებული და მასზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები არიან ასახული. 

ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის საკანშია გაკეთებული. ვიდეოს მიხედვით, რევაზიშვილი ამბობს, რომ სურს იპოვოს ადამიანები, რომლებიც მისი ყოფილი თანასაკნელის, კობა ჩიტიძის ცოლს და შვილს დაემუქრებიან. 

კობა ჩიტაძე რევაზიშვილის ყოფილი თანამესაკნეა, რომელიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებასთან თანამშრომლობს და რომელმაც პროკურატურას ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც მან, თავის მხრივ, ნიკოლოზ რევაზიშვილისგან, გიორგი ქარაშვილის გაუჩინარების ღამის, 19 ივნისის მომხდარის შესახებ მოისმინა. 

რევაზიშვილი ასევე ამბობს, რომ "ნერვიულობდა, დნმ-ზე რამე არ ექნათ". 

"ეგ იქნებოდა პირდაპირი მტკიცებულება". - ამბობს ის. 

იმავე ჩანაწერში ერთ-ერთი ბრალდებული აპროტესტებს სასჯელს, რომელიც მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ემუქრება. 

სხვა საკნის ჩანაწერში ერთ-ერთი ბრალდებული აცხადებს, რომ მისთვის ბრალის დამძიმება არასწორია, ვინაიდან ის იმ პირთან ერთად იყო, რომელსაც პროკურატურამ ბრალი არ დაუმძიმა. 

იგივე ბრალდებული ამბობს იმასაც, რომ მამამისი "გაგიჟდება, რომ გასროკონ" და მასაც დააპატიმრებენ. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა