logo
ENG



საკონსტიტუციო ცვლილებების პირობით, ოცნებამ ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებთან შეთანხმებას მიაღწია

13 დეკ 201912:35
3 წუთის საკითხავი
 
sf2dha1hdjn5yh3.jpg

მმართველმა გუნდმა ე.წ. ამბოხებულ დეპუტატეტბთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმებას მიაღწია, რომლის საფუძველზეც, ხსენებული დეპუტატები სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას პარლამენტიდან გაიწვევენ - განცხადება ამისი შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  

მდინარაძის თქმით, სანაცვლოდ უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნებამდე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება უნდა მოასწროს. მისივე მტკიცებით, თუ ხელისუფლება ცვლილებების განხორციელებას ვერ მოასწრებს, ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. 

„საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენს გუნდში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე მუშაობენ, მაგრამ უმრავლესობის დიდი ნაწილი ამ ინიციატივის წინააღმდეგია. ყველას ესმის, რომ მსგავსი ტიპის აზრთა სხვადასხვაობის გაღვივება, საფრთხის შემცველია როგორც გუნდის ერთიანობისთვის, ასევე ზოგადად პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტული იყო სწრაფად მიგვეღწია კონსენსუსისთვის გუნდის შიგნით. ვფიქრობთ, რომ შეთანხმების მიღწევა შევძელით. უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბარი, რომ უნდა იყოს საუბარი, რომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს მუდმივი არასტაბილურობის განცდაც გააჩენს. ამ დეპუტატებს დავეთანხმეთ მხოლოდ რისკის ნაწილში და შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ ინიციატივას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ რითაც ზემოთ ხსენებულ რისკებს მოვხსნით. შესაბამისად 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვასწროთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვით 2024 წლამდე ნებისმიერ ვადამდელი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. ამის საფუძველზე ისინი იტყვიან უარს თავიანთ ინიციატივაზე. მაგრამ თუ ჩვენ ვერ შევასრულებთ ამ პირობას, ისინი გააგრძელებენ მუშაობას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ამბოხებული დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ 2024 წლიდან ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეს. დღეს კომიტეტმა 11-კაციანი საინიციატივო ჯგუფიც დაამტკიცა, რის საფუძველზეც დეპუტატებს ხელმოწერების შესაგროვებლად შესაბამისი ბლანკები გადაეცათ.

 

 


close დახურვა