logo
ENG



საკონსტიტუციოს პლენუმმა პრეზიდენტის წინააღმდეგ მთავრობის სარჩელი განსახილველად მიიღო

25 ივნ 202212:35
3 წუთის საკითხავი
clock 1004
2022/06/25/fgnm1kjv9xfkrbb.jpg

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, რაც მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩებისა და დიპლომატების დანიშვნაზე პრეზიდენტის უარის კონსტიტუციურობას აფასებს. 

სარჩელის დავის საგანი საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობაა. 

“საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული წინადადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმის კონსტიტუციურობის შეფასება მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას” - წერია სასამართლოს გაცხადებაში. 

საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების განსაზღვრამ, შესაძლოა წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა.

ამ მიზეზების გამო პლენუმმა მიიჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი №1711 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა განიხილოს.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ივნისის დასაწყისში მიმართა.

მთავრობა ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე.

საქართველოს მთავრობის მტკიცებით, ბოლო ერთ წელში პრეზიდენტმა არაერთხელ დატოვა რეაგირების გარეშე მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების კანდიდატები.

ამ ინფორმაციას მალევე უპასუხა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ, სადაც წერია, რომ პრეზიდენტისა, თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება. ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო ერთ წელიწადში სალომე ზურაბიშვილმა 12 ელჩის დანიშვნაზე გასცა განკარგულება.


close დახურვა