საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა თავაძე გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე მივიდა.
თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს 2016 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის ივნისამდე იკავებდა. 2010-2016 წლებში ის ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
2019 წელს ზაზა თავაძე მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსში. თუმცა, ბოლო ეტაპზე, დეკემბერში უარი თქვა. მიზეზად მან გაჩენილი კითხვები დაასახელა, რომლებიც მის თანამდებობას უკავშირდებოდა კონკურსში მონაწილეობის პარალელურად.
"გაჩნდა კითხვები, ხომ არ იყო ჩემი ქმედებები საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენის და არა მოცემული საკითხის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით დადასტურების მიზნით განხორციელებული". - თქვა მან.
ასევე, ზაზა თავაძემ თავისი კანდიდატურის განხილვის შეჩერების თხოვნის ერთ-ერთ მიზეზად განათლების მაგისტრის ხარისხთან შესაბამისობის დადგენისთვის საჭირო პროცედურები დაასახელა.
მან თქვა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე სამოსამართლეო ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლო სისტემიდან წავიდოდა.