საკონსტიტუციოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.
მხარეები ხვალ კითხვებითა და დასკვნითი სიტყვით წარდგებიან. დღეს საკონსტიტუციო სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე წარიმართა.
ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს უთხრა, რომ "ეს ადეიშვილის სასამართლო" არ არის და "წესიერად" ესაუბრა.
"ეს ადეიშვილს სასამართლო კი არ არის, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და წესიერად ილაპარაკეთ. ადეიშვილის სასამართლო არ არის და არც გვარამიას, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში. რომ ამაყობთ [ამით], ეგაა თქვენი პრობლემა", - უთხრა კობახიძემ კოპალეიშვილს.
მაია კოპალეიშვილმა კი კობახიძე უპასუხა, რომ ის იყო, ვინც საქართველოში გავრილოვი ჩამოიყვანა და პარლამენტის სავარძელში ჩასვა. "სამართლებრივ ჩარჩოებში იქნებ დავრჩეთ, მაცადეთ საუბარი, ერთი წამი", უპასუხა კობახიძემ კოპალეიშვილს.
ორი დღეა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა გრძელდება.
საქმეს პლენუმი განიხილავს. პრეზიდენტი პროცესს არ ესწრება. მისი წარმომადგენლები კი თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.
გადაწყვეტილების მისაღებად პლენუმს 2 კვირა აქვს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის 2/3, ანუ 100 დეპუტატის ხმა. ამ ეტაპისთვის ქართულ ოცნებას საჭირო მხარდაჭერა არ აქვს.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.